კატალონიის „ბარსელონა“ ევროპა ლიგის ტიტულისკენ მიიწევს და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ჩავის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ესპანელმა სპეციალისტმა „ბარსა“ ცალსახად შეცვალა, ეს სხვა გუნდია, რონალდ კუმანის დროს სხვა იყო.
„ბარსამ“ მერვედფინალში „გალათასარაის“ ბარიერი დაძლია. ესპანეთში უგოლო ფრის შემდეგ თურქეთი შინ დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს პედრიმ გაათანაბრა. ესპანელმა ნახევარმცველმა ფანტასტიკური გაიტანა, როცა ორი მეტოქე ისე მოატყუა, რომ ბურთს არ შეხებია - უბრალოდ საოცარი შედევრი შექმნა. მეორე ტაიმის დასაწყისში პიერ-ემერიკ ობამეიანგმაც გაიტანა და „ბარსელონამ“ სტამბოლში 2:1 მოიგო.
მეოთხედფინალში გავიდა ბერგამოს „ატალანტაც“, რომელმაც „ლევერკუზენს“ ორივე მატჩი მოიგო. იტალიაში 3:2, ხოლო გერმანიაში ბოლო წუთზე ჟერემი ბოგას გოლით - 1:0. „რეინჯერსმა“ „ცრვენა ზვეზდასთან“ წააგო (1:2), მაგრამ შინ 3:0 ჰქონდა მოგებული და მეოთხედფინალში გასვლა არ გასჭირვებია, ხოლო „ბრაგრამ“ „მონაკო“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. აქვე შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალის საგზური უთამაშებლად მოიპოვა „ლაიფციგმა“, რომელმაც მოსკოვის „სპარტაკის“ ევროთასების მოხსნის გამო შეძლო პირდაპირ მეოთხედფინალში გასვლა.
ევროპა ლიგის პარალელურად, კონფერენს ლიგაზეც გაირკვა რამდენიმე მეოთხედფინალისტი. „მარსელმა“ „ბაზელს“ მეორე მატჩიც ისე მოუგო, როგორც პირველი - 2:1, 2:1 და ფრანგები მომდევნო ეტაპზე არიან.
პსვ ეინდჰოვენმა „კოპენჰაგენი“ ორი მატჩის ჯამში 8:4 დაამარცხა. ნიდერლანდებში ერთი კვირის წინ გუნდები დაზავდნენ (4:4), ხოლო დანიის დედაქალაქში პსვ-მ იოლად, 4:0 მოიგო. მეორე ტაიმი სრულად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, მისმა გუნდმა კი ევროსეზონი დაასრულა. ინგლისურმა „ლესტერმა“ „რენთან“ 1:2 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგო და მეოთხედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.