საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე „ლენოვო ტენერიფემ“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
კანარიელები ვილნიუსში „რიტასს“ ესტუმრნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ - 83:64. ესპანელთა უპირატესობა მატჩის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა და მეტოქეს იოლად სძლიეს.
გიორგი შერმადინმა 17:15 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 აღმოჩნდა.
„ლენოვო ტენერიფე“ ხუთი ტურის თავზე ხუთი მოგებით L ჯგუფს ლიდერობს და პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვა. ბოლო ტურში ესპანური გუნდი 23 მარს, ფრანგულ „სტრასბურს“ შინ დაუპირისპირდება.