კიევის „დინამოს“ ფან-კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რის შედეგადაც კლუბის მფლობელები, ძმები სურკისები და მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გააკრიტიკეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურკისი „დინამოს“ სირცხვილია, ხოლო რუმინელმა სპეციალისტმა კიევური გუნდი უნდა დატოვოს.
„სურკისებმა უკრაინა ომის პირველივე დღეებში დატოვეს და 19 დღეა მათგან ომზე არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. არანაირი მიმართვა ფანების, კიეველების, უკრაინელების მიმართ. სოციალურ ქსელში არის ფოტოები, რომელშიც „დინამოს“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი რაზმან კადიროვის გვერდით პოზირებს და კლუბის მხრიდან ამაზე არანაირი რეაქცია არ არსებობს.
ქვეყნდება ინფორმაცია, რომ კლუბი ფინანსურად ეხმარება ლვოვის რეგიონის საავადმყოფოებს, მაგრამ ამის შესახებ არანაირი ფოტო ან სხვა ინფორმაცია არ არსებობს. „დინამოს“ მოთამაშეებმა ქვეყანა უკვე დატოვეს, ლეგიონერებს წასვლის უფლება მისცეს. მხოლოდ ბენჟამინ ვერბიჩმა გააკეთა ამ პერიოდში საჯარო განცხადება.
დღეს მირჩა ლუჩესკუმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ უკრაინელები და რუსები ძმებივით ცხოვრობდნენ, უკრაინის ომი პოლიტიკური პრობლემაა და არა ერებს შორის. ის ეწინააღმდეგება რუსი სპორტსმენებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაციას.
ჩვენთვის, „დინამოს“ ფანებისთვის ყველა ზემოთქმული ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა. რამდენიმე წელია ვცდილობთ, ყველას დაგიმტკიცოთ, რომ სურკისი „დინამოს“ სირცხვილია და ლუჩესკუ უნდა წავიდეს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს მაინც აგეხილებათ თვალები მათ, ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩვენს პოზიციას არ ეთანხმებოდა“, - წერია განცხადებაში.