ფეხბურთი

2:15 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის ზედიზედ მესამე და სეზონში მეექვსე მშრალი მატჩი (+VIDEO)

გიორგი მამარდაშვილი გამოჯანმრთელების შემდეგ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ზედიზედ მესამედ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა - 0:0. 21 წლის ქართველ მეკარეს ურიგოდ არ უთამაშია, 6 სეივით დაასრულა შეხვედრა. თუმცა ის კი არის, რომ 71-ე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, როცა ფეხით ცუდად ითამაშა, ბორხა მაიორალს მოარტყა ბურთი და გოლი გავიდა. თუმცა, ვიდეორეფერიმ მომენტი გადაამოწმა და გაირკვა, რომ ბორხას ბურთი ხელზე მოხვდა, რის შედეგადაც გოლი გაუქმდა. რომ არა ეს წუნი და ხარვეზი, გიორგის მართლაც უნაკლო თამაში ექნებოდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ გოლი არ ჩაითვალა და ქართველმა მეკარემ კარი მშრალად შეინახა. სხვათა შორის, ხოსე ბორდალასის გუნდმა თამაში ისე დაასრულა, რომ მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს, ამდენად ქულით უდავოდ კმაყოფილი უნდა იყოს.

გიორგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული (11 ლა ლიგაში, 2 თასზე) და კარი მშრალად მეექვსედ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამედ გააკეთა. მან „ხეტაფემდე“ „ბილბაოსთან“ და „მალიორკასთან“ შეძლო კარის ხელუხლებლად შენახვა. მანამდე იგივე გააკეთა 6 თებერვალს „სოსიედადთან“ და ჯერ კიდევ აგვისტოში, „ხეტაფესთან“ და „ალავესთან“.

საგულისხმოა, რომ მამარდაშვილს "ვალენსიას" მეკარეებში ყველაზე მეტი მშრალი თამაში აქვს მიმდინარე სეზონში - 13-დან 6. შედარებისთვის, იასპერ სილესენმა კარი უგოლოდ 15 მატჩიდან მხოლოდ სამში შეინახა, ხოლო ხაუმე დომენეკმა 8 შეხვედრიდან ორჯერ შეძლო გოლგაუშვებლად თამაში.

„ვალენსიას“ ლა ლიგაში 28 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, სტუმრად „ელჩესთან“ ჩაატარებს.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

28-ე ტური. 12 მარტი

ხეტაფე - ვალენსია 0:0

ხეტაფე. „კოლისეუმ ალფონსო პერესი“

ხეტაფე: სორია, დამიან სუარესი (იგლესიასი 68), მიტროვიჩი, დაკონამი, ოლივერა, კუენკა, მაკსიმოვიჩი, არამბარი (როდრიგესი 60), ალენია (ვილარი 79), რამირესი (მაიორალი 68), უნალი

მწვრთნელი: კიკე სანჩესი

ვალენსია: მამარდაშვილი, პაულისტა, ფულკიე, ალდერეტე, დიაკაბი, გილიამონი (რაჩიჩი 90+1), ვასკესი (კოსტა 90+1), გედეში (ანდრე 90), სოლერი, ხილი (მორიბა 76), დურო (გომესი 58)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: რამირესი (39), ალენია (49), მაიორალი (73), მატა (80), მაკსიმოვიჩი (90+2), ოლივერა (90+4); ალდერეტე (31), გილიამონი (82), მორიბა (87), ფულკიე (90+4), კოსტა (90+5)

ლევანტე - ესპანიოლი 1:1

0:1 პუადო (50), 1:1 დანი გომესი (80)

გრანადა - ელჩე 0:1

0:1 ფიდელი (11)

ვილიარეალი - სელტა 1:0

1:0 პარეხო (64)

0.115853