ფეხბურთი

23:49 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ!!!

ახლა უკვე აზრი აღარ აქვს იმაზე წუწუნს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შობის შემდეგ მხოლოდ ორჯერ გაეტანა. გასულ უქმეებზე რომ გაბრაზდა და პორტუგალიაში გაიქცა. ბოლო დროს რომ დიდი კრიტიკის ატანა უწევს...

შაბათს ის დაბრუნდა - „ტოტენჰემთან“ მატჩში ძველი რონალდუ ვიხილეთ: მომართული, ჟინიანი და არაჩვეულებრივი. სამი გოლი გაიტანა და სამივე აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციბეში, რაც მის უნივერსალიზმზე კიდევ ერთხელ მეტყველებს - ერთი საჯარიმოს გარედან, მეორე საჯარიმოში დასწრებაზე და მესამე თავით.

ეს მართლაც მისი საღამო გახლდათ. თითქოს კრიტიკოსებს ასე პასუხობდა. ეს კრიშტიანუს 59-ე ჰეთ-თრიქი იყო კარიერაში.

საკუთრივ მატჩიც მშვენიერი გამოდგა. იყო ყველაფერი. „ტოტენჰემმა“ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. ერთი მაგუაირმა გაიტანა საკუთარ კარში. ბრძოლა, მომენტები. მაგრამ „მანჩესტერს“ ჰყავდა რონალდუ, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში თითქოს ოდნავ ჩრდილში მოექცა. მაგრამ ლიდერობა ვერცერთმა მისმა პარტნიორმა გასწია და მშველელად ისევ პორტუგალიელი მოევლინათ - 3:2 „მანჩესტერის“ სასარგებლოდ,

ახლა რანგნიკის გუნდი 50 ქულით მეოთხე ადგილზე დგას და უშუალო კონკურენტ „არსენალს“ ორი ქულით უსწრებს, მაგრამ „მეთოფეებს“ ოთხი მატჩით ნაკლები აქვთ ნათამაშევი.

„ლივერპულს“ „ბრაიტონი“ ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში ვერ დაემარცხებინა და ამჯერადაც „თოლიებმა,“ რომლებსაც უკრაინის სოლიდარობისთვის ყვითელ-ლურჯი ფორმა ეცვათ (ზოგადად, ეს მათი საგარეო ეკიპირებაა), ყოჩაღად დაიწყეს მატჩი. რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ მერსისაიდელებმა ნელ-ნელა დაალაგეს თამაში და მე-19 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. მატიპმა მარჯვნიდან საჯარიმოში ჩააწოდა და დიასმა მართლაც ვაჟკაცური თავური გაიტანა. ვაჟკაცური იმიტომ, რომ ამ ეპიზოდში მას მეკარე სანჩესი საკმაოდ უხეშად შეეჯახა და კოლუმბიელს რამდენიმე წუთს ექიმები თავს დასტრიალებდნენ. მერსისაიდელთა დამრიგებელმა, კლოპმა შემდეგ იკითხა კიდეც, რატომ არ ჩაერია ამ ეპიზოდში ვარ-ი, როცა უხეშობა თვალნათელი იყო და მეკარე წითელ ბარათს იმასხურებდა.

საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დიასმა თამაში გააგრძელა. არბიტრ მაიკ დინს მეკარე არ დაუსჯია.

„ლივერპული“ ბურთს აკონტროლებდა. ერთი საათი გასულიყო მატჩის დაწყებიდან, როცა მასპინძელ ბისუმას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და სალაჰმა პენალტი ზუსტად დაარტყა - 0:2. ეს ეგვიპტელის მე-20 პრემიერლიგური გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში. ის კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ლიგის ბომბარდირთა დავაში. სალაჰი 65-ე წუთზე შეცვალეს. მინდორი მან კოჭლობით დატოვა, მაგრამ მოგვიანებით კლპომა თქვა, რომ დაზიანება არ არის სერიოზული.

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა, 66 ქულა მოაგროვა და კვლავ სამი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის,“ რომელიც თავის მატჩს ორშაბათს გამართავს „კრისტალ პალასთან.“

„ბრაიტონმა“ კი მიჯრით მეხუთე თამაში წააგო და 33 ქულით ცხრილში მე-13 ადგილზეა. თუმცა 12 პუნქტით უსწრებს გასავარდნ ზონას.

„ბრენტფორდმა“ „ბარნლი“ ბოლოსკენ გატეხა - 0:2. დუბლი მიითვალა აივენ ტონიმ. ამ 25 წლის ინგლისელ ფორვარდს ვეღარ აჩერებენ. წინა ტურში „ნორვიჩთან“ მან ჰეთ-თრიქი მიითვალა, ამჯერად კი ორჯერ გამოიჩინა თავი. ჯამში კი 11 გოლი მოუგროვდა.

კარგად ითამაშა ბრენტფორდელთა ახალწვეულმა, კრისტიან ერიკსენმა. მან ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ინგლისი

პრემიერლიგა

29-ე ტური. 12 მარტი

ბრაიტონი - ლივერპული 0:2

ბრაიტონი. „ამექსი“

0:1 დიასი (19), 0:2 სალაჰი (61 პენ)

ბრაიტონი: სანჩესი, კუკურელია, დანკი, ველტმანი, ლემპტი, ბისუმა (უელბეკი 65), ალსეტე (ლალანა 46, გროსი 53), მაკ ალისტერი, მარჩი, ტროსერი, მოპე

მწვრთნელი: გრემ პოტერი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (მილნერი 86), კეიტა (ალკანტარა 65), დიასი, მანე, სალაჰი (ჟოტა 65)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ბისუმა (55), მაკ ალისტერი (75), მოპე (81); ფაბინიო (84)

მანჩესტერი - ტოტენჰემი 3:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

1:0 რონალდუ (12), 1:1 კეინი (35 პენ), 2:1 რონალდუ (38), 2:2 მაგუაირი (72 საკ. კარში), 3:2 რონალდუ (81)

მანჩესტერი: დე ხეა, დალოტი, ვარანი, მაგუაირი, ტელესი, მატიჩი (კავანი 80), ფრედი, პოგბა, სანჩო, რაშფორდი (ელანგა 68), რონალდუ (ლინდელოფი 83)

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

ტოტენჰემი: ლორისი, დოჰერტი, რომერო, დაიერი, დევისი (ბერგვეინი 87), რეგილონი, ჰოიბერგი, ბენტანკური (უინკსი 88), კულუშევსკი (მოურა 78), სონი, კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ფრედი (35), პოგბა (85); დაიერი (30)

ბრენტფორდი - ბარნლი 2:0

1:0. 2:0 ტოუნი (85, 90+3 პენ)

გაძევება: კოლინზი (90+2) - ბარნლი

0.116174