ჩოგბურთი

4:54 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მომდევნო ტურნრი მონტე კარლოს მასტერსია

ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის ტიტულის დაცვისთვის მზადებას მონტე კარლოს მასტერსზე დაიწყებს. პრესტიჟული ტურნირი, რომელიც თიხის კორტებზე ტარდება, მომდევნო თვეში გაიმართება.

იმის გამო, რომ საკუთარი კოვიდ სტატუსის გამხელა არ სურს, ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში ვერ შეძლო. ის ვერც ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ინდიან ველსის და მაიამის მასტერსის სერიის ტურნირები იმართება. ამავე მიზეზით, საფრანგეთში ასპარეზობასაც ვერ შეძლებდა, მაგრამ ამ ქვეყნის მთავრობამ, კოვიდ შეზღუდვები მოხსნა და სერბსაც გზა გაეხსნა.

34 წლის ჯოკოვიჩს დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული, იმდენივე, რამდენიც როჯერ ფედერერს და ერთით ნაკლები, ვიდრე რაფაელ ნადალს.

„ნოვაკი 2022 წლის თიხნარის სეზონს მონტე კარლოში დაიწყებს, სადაც მასტერს 1000-ის სერიის ტურნირი ორჯერ, 2013 და 2015 წლებში აქვს მოგებული“, - წერია მის ვებგვერდზე.

ჯოკოვიჩი მონკოში ცხოვრობს, სადაც შესვლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ვიზიტორს იმის საბუთი აქვს, რომ ბოლო ექვს თვეში კოვიდი-სგან განიკურნა. სერბი ჩოგბურთელი ამბობს, რომ მეორედ ვირუსი დკემბერში შეეყარა.

მონტე კარლოს მასტერსის ტურნირი 10-17 აპრილს გაიმართება და ჯოკოვიჩისთვის ის ამ სეზონში მეორე ტურნირი იქნება. პირველად მან დუბაიში, ATP 500-ის სერიის ტურნირზე ითამაშა, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა.

0.117638