ფეხბურთი

10:29 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ესპანურ კლუბს დაუკავშირეს

ესპანურმა ვებგვერდმა estadiodeportivo-მ „ალმერიასთვის“ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერი მცველები შეარჩია, რომელთაც შეუძლიათ ესპანური კლუბის დაცვის ხაზის გაძლიერება მიმდინარე სეზონის ფინალურ ნაწილში და ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში გუნდის დახმარება.

ერთ-ერთი მათგანი სოლომონ კვირველიაა, რომელიც უკრაინული "მეტალისტი 1925"-ის წევრია. საქმე ისაა, რომ "ალმერიაში", სადაც გიორგი მაკარიძე თამაშობს, რამდენიმე მცველია ტრავმირებული და ესპანელებმა შესაძლოა, უკრაინულ-რუსულ ბაზარზე იაქტიურონ.

„ჩვენს სიაში ბოლო ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ის ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველიაა. 30 წლის მცველს რუსეთის ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ევროტურნირებზეც უთამაშია. რა თქმა უნდა, ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი არ აქვს, რადგან მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიც არ ყოფილა. ერთ-ერთი გარანტია მისთვის მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ გასახდელში თანამემამულე მაკარიძე ეყოლება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველია „მეტალისტ 1925“-ს გასული წლის შემოდგომაზე შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა, მიმდინარე მოვლენების შემდეგ ფაქტია, რომ კლუბს შეიცვლის. ცნობისთვის, „ალმერია“ ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ეიბარს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინულ და რუსულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს შეუძლიათ 7 აპრილამდე თავიანთი კონტრაქტები დროებით შეაჩერონ და სეზონის ბოლომდე კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელონ. ისიც აღსანიშნავია, რომ ფიფამ ეს გამონაკლისი 30 ივნისამდე დაუშვა და 1 ივლისიდან ფეხბურთელებს რუსულ და უკრაინულ კლუბებთან კონტრაქტები ისევ გაუაქტიურდებათ.

0.136631