ლონდონის „ჩელსის“ საბანკო ანგარიშები ბრიტანულმა ბანკმა Barclays-მა დროებით დაბლოკა და არავინ იცის, როდის მოიხსნება შეზღუდვა. ამრიგად, ინგლისური გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
„ჩელსიში“ შექმნილ სიტუაციაზე ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ახლა შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რა მოხდება მომავალში.
„ძნელია ამჟამინდელი სიტუაციის გაგება, პროგნოზირება, თუ როგორ დასრულდება, თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, უნდა მივყვეთ აწმყოში ცხოვრებას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ამ სიტუაციის გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია, ვერაფერს გავაკეთებთ. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ და ადაპტირება მოვახდინოთ ახალ რეალობასთან.
ომი საშინელებაა და მიუღებელია. თუ ამაზე ვიფიქრებთ, მივხვდებით, რომ ფეხბურთზე მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებიც იღუპებიან, ადამიანები კორონავირუსისგან კვდებიან, არის მსოფლიოში სხვა ომებიც, რომლებზეც აქ ბევრს არ ლაპარაკობენ... ასე რომ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებია, ვიდრე ფეხბურთი. თუმცა, ჩემი მოვალეობაა იმაზე ფოკუსირება, რასაც ვაკეთებ და ამიტომაც, უნდა ვიცხოვროთ აწმყოთი, მერე კი ვნახოთ, რა მოხდება, რადგან ყველაფერი სწრაფად იცვლება“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა, მათ შორის ლონდონის "ჩელსიც", რამაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გაკოტრებამდე მიიყვანოს.