ფეხბურთი

18:22 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ბირმინგემთან" მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და დადებითი მხარეები უნდა ვაჩვენოთ"

ინგლისური „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „ბირმინგემ სიტისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ მისი გუნდი ერთი კვირის განმავლობაში თამაშისთვის კარგად მოემზადა.

„გვინდა, რეაგირება კიდევ ერთხელ მოვახდინოთ. ძალიან კარგი და ამავდროულად, მძიმე გასვლითი თამაშები გვქონდა და დადებით შედეგებსაც მივაღწიეთ, მაგრამ საშინაო მატჩებშიც რაც მოხდა, ყველამ დავინახეთ. დადებითი ის არის, რომ რეაგირების მოხდენა შეგვიძლია. ბიჭებს უნდათ ხასიათი გამოიჩინონ, სურთ მეტის გაკეთება და მუშაობა. გვინდა, რომ მოედანზე გავიდეთ და ქულები მოვიპოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო მატჩებში ცუდი შედეგები გვქონდა, თამაშში ბევრი რამ დადებითი იყო. გვსურს, რომ ასეთი დეტალები უფრო მეტად იყოს.

ერთი სრული კვირა გვქონდა კიდევ ერთი გასვლითი მატჩის წინ სავარჯიშოდ და მომზადებისთვის. შესაბამისად, ნამდვილად შეგვეძლო კონცენტრირების გაკეთება ჩვენს კარგ და ძლიერ მხარეებზე. კარგად ვიმუშავეთ და საშინაო დავალება გავაკეთეთ.

„ბირმინგემს“ ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ მატჩის ბედი, ინდივიდუალურად. მათ შეუძლიათ ორი განსხვავებული ტაქტიკით თამაში, ძლიერი, ფიზიკური და სოლიდური გუნდია. თუ თამაშის საშუალებას მისცემ, აჩვენებენ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ჩვენ კი წინააღმდეგო უნდა გავუწიოთ და ჩვენი ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ 37 ქულით მეოცე ადგილზეა, „ბირმინგემს“ კი 12 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება. არველაძის გუნდს სტუმრად სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (1 მოგება, 2 ფრე), მაგრამ შინ ბოლო ოთხი თამაში წააგო.

0.122088