ზესაშუალო წონაში (76 კგ) მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, მექსიკელი კანელო ალვარესი წონას შეიცვლის და ქვემძიმე წონაში (79 კგ) ეცდება ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. მას პირველი ბრძოლა 7 მაისს, დმიტრი ბივოლთან აქვს დანიშნული, ვისაც WBA-ის ტიტული ეკუთვნის.
31 წლის ალვარესმა ზესაშუალოში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლას ვეგასში ამერიკელი ქეილებ პლანტი ნოკაუტით დაამარცხა და თავის ხელში, WBC-ს, WBA-ის, IBF-ის და WBO-ის სარტყელებს მოუყარა თავი. ამჟამად მას 60 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 57 მოიგო.
„ძალიან მიხარია, რომ ბივოლთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. ჩემთვის ეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა, რადგან მაღალ წონში გადასვლა მიწევს და ისეთ გამორჩეულ ჩემპიონთან შეხვედრა მიწევს, როგორიც ბივოლია“, - ამბობს ალვარესი.
ბივოლს 19-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, მათგან 11 ნოკაუტით. 2016 წელს ის WBA-ის დროებითი ჩემპიონის წოდებას მას შემდეგ დაეუფლა, რაც დომინიკელი ფელიქს ვალერა დაამარცხა. მოგვიანებით, ასოციაციის ნამდვილი ჩემპიონი გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა ჩემპიონმა, შვედმა ბადუ ჯეკმა ტიტული არ დაიცვა.
ალვარესი და ბივოლი ორ ბრძოლაზე არიან შეთანხმებული. მეორე ბრძოლა სექტემბერშია დანიშნული. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ბივოლს ბრძოლის უფლება. ის რუსია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კი რუს სპორტსმენებს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ამოუკვეთეს ფეხი.