მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა „პარი სენ ჟერმენიდან“ უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien-ი წერს.
როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგმა ფიასკომ არგენტინელი სპეციალისტის მომავალი საბოლოოდ გადაწყვიტა. პოჩეტინოს სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს, რომელსაც მისი დათხოვნა ჯერ კიდევ იანვარში სურდა.
„მართალია, რომ ჩვენ მატჩის გარდამტეხ მომენტში დავეცით. შეუძლებელია ამის ახსნა. მომავალი? ამაზე საუბარი ახლა შეუძლებელია. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ყველა ერთად უნდა წამოვდგეთ, რადგან ჩვენთვის რთული მომენტია“, - თქვა პოჩეტინომ „რეალთან“ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, პსჟ „რეალთან“ დაპირისპირებაში ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდა და მეორე შეხვედრაშიც იგებდა. ყველაფერი კარიმ ბენზემამ გადაწყვიტა, რომელმაც 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „სამეფო კლუბი“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.