ფეხბურთი

2:06 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს კლასი ბენზემამ დაჩრდილა: "რეალის" საოცარი ქამბექი პსჟ-სთან

მადრიდის „რეალი“ „პარი სენ ჟერმენთან“ 180-წუთიანი დაპირისპირების 150 წუთში განწირული და უშანსო ჩანდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან, გარდამტეხ მომენტში კარლო ანჩელოტის გუნდმა უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა.

სამი კვირის წინ პსჟ-მ შინ „რეალი“ აშკარად დაჯაბნა და კილიან მბაპეს გოლით სძლია კიდეც. ამდენად, „სამეფო კლუბს“ საქმე საქამბექოდ ჰქონდა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მბაპეს გვარის გამოცხადებას აპლოდისმენტებით მატჩის წინ შეხვდნენ, მერე კი ფრანგი ფეხბურთელი 60 წუთის განმავლობაში მოედანზე ცალსახად საუკეთესო იყო. კილიანმა მადრიდული პუბლიკის წინაშე სამჯერ გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი ჩაითვალა. პირველი და მესამე გოლები მას თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს, ხოლო მეორე, რომელიც 39-ე წუთზე გაიტანა, ჩაითვალა, რადგან წესები არ დაურღვევია. მბაპე ბრწყინავდა, „რეალის“ დაცვა მას ვერაფერს უხერხებდა და შეტევაშიც ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა.

ასე იყო 61-ე წუთამდე. ამრიგად, გამოდის, რომ პარიზში 90 და მადრიდში 60 წუთი „პარი სენ ჟერმენი“ ესპანურ გრანდს სჯობნიდა, მაგრამ ბოლოს, „რეალმა“ გარდაიქმნა. ეს დიდწილად პირველი გოლის დამსახურებაა, რომელიც პსჟ-ს მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ აჩუქა. იტალიელმა მეკარემ ბურთი კარის წინ დაკარგა, ვინისიუსმა კი კარიმ ბენზემას პასი დროულად მისცა და ფრანგმა ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე ბენზემამ დუბლი გაიფორმა, ამჯერად პარიზელთა დაცვის ხაზი უსაქმოდ ლუკა მოდრიჩმა ბრწყინვალე პასით დატოვა - 2:1. ორი მატჩის ჯამში ყველაფერი თანაბარი იყო, თუმცა, მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში.

78-ე წუთზე მარკინიოსმა დაკარგა ბურთი, რითაც ბენზემამ ისევ ისარგებლა და კიდევ ერთხელ გაიტანა! ფრანგმა ვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი 17-წუთიან ინტერვალში შეასრულა და ასე გადაწყვიტა არათუ ამ მატჩის, არამედ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. ასე რომ, ბრწყინვალე კილიან მბაპე გაცილებით გამოცდილმა თანამემამულემ გადაჩრდილა. ჩრდილზე ლიონელ მესი უნდა ვახსენოთ, ის ძალიან უფერული იყო მთელი თამაში და არაფერი გამოსვლია. სხვათა შორის, ბენზემას "რეალში" უკვე 309 გოლი დაუგროვდა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა. ამასთან, ფრანგი "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ფაქტი ფაქტად რჩება: პსჟ წლიდან წლამდე უამრავ ფულს ხარჯავს, ვარსკვლავებს ყიდულობს, მაგრამ საწადელს ვერ აღწევს. ზოგადად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდის შეტევა მოწყვეტილია სხვა სათამაშო რგოლებს, ნახევარდაცვასა და დაცვას. ზოგადად, პარიზული გუნდის დაცვის ხაზის თამაში რომ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ სეზონში არაერთხელ დადასტურებულა, ხოლო ნახევარდაცვაში მარკო ვერატის გარდა ტოპკლასის ფეხბურთელების პოვნა ალბათ გაგიჭირდებათ...

„რეალი“ შეუერთდა „ბაიერნსა“ და „ლივერპულს“ მეოთხედფინალისტთა რიგებში. იქ იქნება „მანჩესტერ სიტიც“, რომელმაც ამის უფლება ჯერ კიდევ პირველ მატჩში გაინაღდა, როცა „სპორტინგს“ სტუმრად 5:0 მოუგო. ინგლისში პეპ გვარდიოლამ ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ოთხი საპასუხო მერვედფინალური მატჩები მომდევნო კვირაში გაიმართება.

„მანჩესტერ სიტი“ – „სპორტინგი“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:0

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი (კარსონი 73); ეგან-რილი, სტოუნსი, ლაპორტი (მბეტე 84), ზინჩენკო; გიუნდოგანი, ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა (მაჰრეზი 46); ფოდენი (მაკეტი 46), გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„სპორტინგი“ (3-4-3): ადანი; ინასიო, კოატეში, ნეტო (ფედალი 89); პორო (ესგაიო 78), უგარტე, ტაბატა, რაისი; სარაბია (ედვარდსი 58), პაულინიო (სანტოსი 78), სლიმანი (რიბეირო 89)

მწვრთნელი: რუბენ ამორიმი

გაფრთხილება: გაბრიელ ჟესუსი (39) - პაულინიო (15), სლიმანი (40)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)

„რეალი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 3:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 3:2

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (ვასკესი 66), მილიტაო, ალაბა, ფერნანდესი; მოდრიჩი, კროოსი (კამავინგა 57), ვალვერდე; ასენსიო (როდრიგო 57), ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი (დრაქსლერი 88), მარკინიოსი, კიმპემბე, მენდეში; დანილო (დი მარია 81), ვერატი, პარედესი (გეიე 71); მბაპე, მესი, ნეიმარი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

გაფრთხილება: ნაჩო (43), ვინისიუსი (44), ვასკესი (88) - პერედესი (7), ჰაკიმი (81), კიმპემბე (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (7) – 11 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145594