კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ნიქოზიის „აპოელმა“ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა თავი 52-ე წუთზე გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ის გუნდის კაპიტანი იყო, მოედანი კი 66-ე წუთზე დატოვა. ქვილითაიამ ყოფილ გუნდთან გატანილი გოლი იზეიმა, იმ კარის უკან, რომელშიც გაიტანა, „ანორთოსისის“ ფანები იყვნენ და როგორც კვიპროსული მედია წერს, გიორგიმ გოლის აღნიშვნის სტილით არწივი გამოსახა.
28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თასის გათამაშებაში მესამე გოლი გაიტანა, მთლიანად სეზონში მე-13. აღსანიშნავია, რომ ამ 13 გოლიდან 9 გიორგიმ 2022 წელს გაიტანა.
ნიქოზიელთა რიგებში 77-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე, ხოლო მურთაზ დაუშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია. „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია სათადარიგო სკამზე დატოვა, რადგან თასის ტურნირზე ის მეორე მეკარეს აძლევს თამაშის შანსს.
ნახევარფინალისტის საგზურის მფლობელის ვინაობა საპასუხო შეხვედრაში, 6 აპრილს გაირკვევა, რომლის მასპინძელი „ანორთოსისი“ იქნება.