ავტოსპორტი

2:27 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-მა იმოლასთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააგრძელა

ფორმულა 1 იტალიის იმოლას ტრეკზე 2025 წლამდე დარჩება. ემილია რომანიას დიდი პრიზის პრომოუტერთან კონტრაქტი ოთხი წლით გაგრძელდა. იმოლას ენცო და დინო ფერარის სახელობის ტრეკი ფ1-ის კალენდარში 2020 წელს დაბრუნდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი ეტაპი გაუქმდა და ჩემპიონატი თითქმის განახევრდა.

იმოლაზე იტალიის დიდი პრიზი 1980 წელს ჩატარდა, 1981-2006 წლებში კი იქ სან მარინოს დიდი პრიზის რბოლები ტარდებოდა. 2020 წელს დაბრუნების შემდეგაც, რბოლას სახელი შეეცვალა. ემილია რომანია არის იტალიის იმ რეგიონის სახელი, სადაც იმოლას ტრეკი მდებარეობს. რაც მთავარია, ის ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დამაარსებლის სახელს ატარებს.

„ეს ტრეკი ჩვენი სპორტის ისტორიის ნაწილია. მისმა პრომოუტერებმა დიდი შრომა გასწიეს, როცა პანდემიის დროს, აქ ორი რბოლა ჩაატარეს. ჩვენს იტალიელ ფანებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ ორ რბოლას მასპინძლობენ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობა მიიღო. მათ შორის, ემილია რომანიას რეგიონის ხელისუფლებას და იტალიის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტ ანჯელო სტიკი დამიანის, იტალიის ფინანსების და ეკონომიკის სამინსტროებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და იმოლას ხელისუფლებას. მოუთმენლად ველით აპრილს, როდესაც იმოლა ჩვენს ფანებს უმასპინძლებს“, - ამბობს ფ1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი.

0.115445