ფეხბურთი

2:00 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "ზალცბურგი" გაანადგურა, "ინტერმა" "ენფილდზე" მოიგო, მაგრამ გავარდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია, ორივე ტურნირის მთავარ ფავორიტებში შედის - „ბაიერნი“ და „ლივერპული“.

„ბაიერნით“ დავიწყოთ, რომელსაც „ზალცბურგთან“ პირველი მატჩი სტუმრად 1:1 ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ საკუთარ მოედანზე მეტოქე დედამიწის პირისაგან აღგავა... გადაუჭარბებლად ასეა, რადგან იულიან ნაგელსმანის გუნდმა ავსტრიის ჩემპიონს 7:1 გადაურბინა.

ყველაფერი მალევე გადაწყდა, რადგან მე-12 წუთიდან 23-ე წუთამდე რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბავარიელები ამის მერეც არ გაჩერებულან, რადგან დუბლი ტომას მიულერმა მიითვალა, თითოჯერ სერჟ გნაბრიმ და ლეროი სანემ გაიტანეს, ხოლო ავსტრიელთა ერთადერთმა გოლმა ცხადია, ვერაფერი შეცვალა. ამრიგად, მიუნხენის „ბაიერნი“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს და მეოთხედფინალში ითამაშებს.

გაცილებით დაძაბული ვითარება იყო „ენფილდ როუდზე“, სადაც „ლივერპულმა“ „ინტერს“ უმასპინძლა. არადა, თითქოს, ამ წყვილში პირველი მატჩის მერე უფრო გამოკვეთილი იყო ყველაფერი, რადგან მილანში ინგლისელებმა 2:0 მოიგეს.

ამჯერად, იურგენ კლოპის გუნდი დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში იტალიის ჩემპიონს მაინც აჯობა. „ლივერპული“ უფრო მწვავედ უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, ხოლო სიმონე ინძაგის გუნდს იმედი 62-ე წუთზე გაუჩნდა, როცა ლაუტარო მარტინესმა ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში ალექსის სანჩესმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მეორე იყო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შედეგად, 10-კაციან „ინტერს“ დრო საკმარისი ჰქონდა მეორე გოლის გასატანად, თუმცა, კაცნაკლულმა მრისხანე მეტოქეს მეტი ვერაფერი მოუხერხა და უფრო მეტად გოლის გაშვებასთან იყო ახლოს, ვიდრე გატანასთან. საბოლოოდ, „ინტერმა“ 1:0 მოიგო, მეოთხედფინალში კი „ლივერპული“ გავიდა, რადგან ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მას დარჩა - 2:1.

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. "მანჩესტერ სიტისა" და "სპორტინგის" წყვილში თუ ყველაფერი გარკვეულია, "რეალისა" და "პარი სენ ჟერმენის" დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს.

„ბაიერნი“ – „ზალცბურგი“ 7:1 (4:0) - ორი მატჩის ჯამში: 8:2

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (3-4-2-1): ნოიერი; პავარი, ზულე (ნიანზუ 66), ერნანდესი (უპამეკანო 60); გნაბრი (სარი 46), კიმიხი, მუსიალა (როკა 66), კომანი (ჩუპო-მოტინგი 66); მიულერი, სანე; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ზალცბურგი“ (4-3-1-2): კონი; კრისტენსენი, სოლეტი (პიატკოვსკი 46), ვიობერი, ულმერი; კაპალდო, კამარა (ტიანი 68), სეივალდი (შუშიჩი 46); აარონსონი; ადამუ (კიერგორი 61), ადეიემი (შეშკო 62)

მწვრთნელი: მატიას იასლე

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12, პენ), 2:0 ლევანდოვსკი (21, პენ), 3:0 ლევანდოვსკი (23), 4:0 გნაბრი (31), 5:0 მიულერი (54), 5:1 კიერგორი (70), 6:1 მიულერი (83), 7:1 სანე (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 6 (4) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

„ლივერპული“ – „ინტერი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:1

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჯონსი (ჰენდერსონი 83), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (კეიტა 65); სალაჰი, დიოგო ჟოტა (ლუის დიასი 83), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრაი, ბასტონი; დუმფრისი (დარმიანი 75), ვიდალი, ბროზოვიჩი (გალიარდინი 75), ჩალჰანოღლუ (ვესინო 84), პერიშიჩი; ლაუტარო მარტინესი (კორეა 75), სანჩესი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (62)

გაფრთხილება: დიოგო ჟოტა (40), რობერტსონი (47), მანე (71) - სანჩესი (45, 63), ვიდალი (45), ბასტონი (85), გალიარდინი (90)

გაძევება: სანჩესი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 6 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)

0.176574