ფეხბურთი

23:52 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" დირექტორი: "ჩაკვეტაძის გამო ბედნიერი ვარ, ის უფრო კარგადაც ითამაშებს"

„ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. 42 წლის მენეჯერი ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და სჯერა, რომ მომავალში მას უფრო მეტი შეუძლია.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ მისით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ „გენტში“ მას ადვილი ცხოვრება არ ჰქონდა, ისიც ნათელი იყო, რომ არც შეეძლო და არც უნდა ყოფილიყო თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში. მან უკვე მიიღო სამწვრთნელო შტაბისგან დიდი ნდობა და ძალიან კარგად ითამაშა. ის მშვიდი ბიჭია, მიწაზე დგას და არ დაფრინავს, სპორტული კუთხით კი, დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტს ითამაშებს, უფრო მეტად მოუმატებს“, - აღნიშნა მუტცელმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ ამ დროისთვის 6 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ბოლო ორი ზედიზედ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. გერმანული გუნდი მეორე ბუნდესლიგაში 41 ქულით მეხუთე ადგილზეა და რომ არა, უკანასკნელ ორ ტურში უქულოდ დარჩენა, გაცილებით კარგ ვითარებაში იქნებოდა, თუმცა ბუნდესლიგაში აღზევების შანსი ჯერაც აქვს. გარდა ამისა, ტიმ ვალტერის გუნდი გერმანიის თასის ნახევარფინალშია გასული, უახლოეს შეხვედრას კი 12 მარტს, შინ „აუესთან“ ჩაატარებს.

0.121851