კალათბურთი

22:15 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია ზაფხულში "ბარსელონაში" გადავა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ვირტუს ბოლონიას" ახალწვეული თორნიკე შენგელია ზაფხულიდან დიდი ალბათობით კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

Corriere Dello Bologna-ს ცნობით, 30 წლის ქართველი „ვირტუსში“, რომელსაც გუშინ შეუერთდა, მხოლოდ 30 ივნისამდე დარჩება, მერე კი ესპანეთში დაბრუნდება, სადაც კარიერის გამორჩეული წლები აქვს გატარებული. წყაროს თანახმად, თორნიკემ „ბარსასთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

უბრალოდ, ახლა მას ესპანურ გრანდში გადასვლა არ შეეძლო, რადგან ევროლიგაში მაინც ვერ ითამაშებდა (ერთ სეზონში ორ სხვადასხვა გუნდში თამაში აკრძალულია). ამიტომაც, შენგელიამ ევროთასზე მოასპარეზე „ვირტუს ბოლონიაზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც მხოლოდ 4-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა. ქართველ კალათბურთელს, „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეტსში“, „ჩიკაგო ბულსში“, „ბასკონიასა“ და ცსკა-ში უთამაშია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დატოვა.

„ვირტუს ბოლონიაში“ 2009-2012 წლებში ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა, ხოლო შენგელიამდე ცსკა-დან ხუთი დღის წინ დანიელ ჰაკეტი დაიმატა. გარდა ამისა, გუნდში ისეთი გამოცდილი მოთამაშეები არიან, როგორებიც მარკო ბელინელი და მილოშ ტეოდოსიჩი გახლავთ. „ვირტუსი“ იტალიის სერია A-ში 16 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ოლიმპია მილანოს“ ჩამორჩება, იტალიის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრას კი 13 მარტს, თანაქალაქელ „ფორტიტუდოსთან“ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ იტალიური კლუბი ევროლიგაზე არა, მაგრამ ევროთასის გათამაშებაში მონაწილეობს.

0.136032