საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტური გორში დაიწყო, სადაც „დილამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. შედეგად, საქართველოს ჩემპიონის სტატუსით „დინამო ბათუმმა“ პირველად წააგო. არადა, გია გეგუჩაძის გუნდი იგებდა, მაგრამ უპირატესობა მალევე გაანიავა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი გუნდებმა გაცილებით საინტერესო ფეხბურთი ითამაშეს. 53-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა მოახერხა მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა და ანგარიში გახსნა. ბათუმელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
67-ე წუთზე ონორე გომისმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე სენეგალელმა ნახევარმცველმა გოლს საგოლე პასი დაუმატა და თავი თამაზ მაქაცარიამ გამოიჩინა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმსაც“ და „დილასაც“ სამ ტურში 6-6 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ბათუმელები 13 მარტს „საბურთალოს“ უმასპინძლებენ, ხოლო გორის „დილა“ „დინამო თბილისს“ ესტუმრება.
„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (53), 1:1 გომისი (67), 2:1 მაქაცარია (83)