იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 10 ტურიღა რჩება და სკუდეტოსკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა „მილანმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტი „ნაპოლი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.
სტეფანო პიოლისა და ლუჩანო სპალეტის გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი, 57-57 ქულა ჰქონდათ და ამდენად, „სან პაოლოზე“ გასამართი შეხვედრა ბევრ რამეს წყვეტდა. მთლიანობაში თანაბარი თამაში გამოდგა, მაგრამ გამარჯვება „მილანს“ დარჩა. ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაიტანა და „როსონერი“ სატურნირო ცხრილის სათავეში დააბრუნა.
„მილანს“ 60 ქულა აქვს და „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ „ნერაძურის“ სასარგებლოდ ის მეტყველებს, რომ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამის მიუხედავად, ცხადია, რომ საჩემპიონო რბოლაში ყველაფერი წინაა. სკუდეტოს შანსი ცხადია, არც „ნაპოლის“ დაუკარგავს, მაგრამ ნეაპოლიტანელები ახლა უკვე ზურგს უკან საფრთხესაც გრძნობენ, რადგან „იუვენტუსი“ 4 ქულამდე მიუახლოვდა.
მასიმილიანო ალეგრის 9 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და აქედან 7 ძირითადი შემადგენლობის პოტენციური წევრია, რაც ცხადია, უდიდესი დანაკლისია. ტურინელებმა შინ „სპეციასთან“ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს და ალვარო მორატას გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში „სპეცია“ უკეთესი იყო და თამაშის გადარჩენის შანსიც ჰქონდა, მაგრამ „იუვემ“ კარი მშრალად შეინახა და ესპანელი ფორვარდის გოლით მოიგო. შედეგად, „იუვენტუსმა“ 53 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი გაიმყარა.
დღის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „სასუოლოს“ საგარეო გამარჯვება „ვენეციასთან“ – 4:1. ალესიო დიონიზის გუნდმა ოთხიდან სამი გოლი პენალტით გაიტანა. ისევ ვერ მოიგო „ჯენოამ“, რომელიც „ემპოლის“ უგოლოდ დაუზავდა. ეს იყო გენუური გუნდის ზედიზედ მეექვსე ფრე. სხვათა შორის, „ჯენოას“ 28 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ამ ეტაპისთვის უარესი შედეგი მხოლოდ „ანკონას“ ჰქონია, რომელმაც 2003-2004 წლების სეზონში 28 ტურში ერთხელაც ვერ მოიგო.
„ნაპოლი“ – „მილანი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჟირუ (49)
„იუვენტუსი“ – „სპეცია“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მორატა (21)
„ბოლონია“ – „ტორინო“ 0:0 (0:0)
„ფიორენტინა“ – „ვერონა“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 პიონტეკი (10), 1:1 კაპრარი (20, პენ)
„ვენეცია“ – „სასუოლო“ 1:4 (1:3)
გოლები: 0:1 რასპადორი (2), 0:2 ბერარდი (17, პენ), 1:2 ანრი (34), 1:3 სკამაკა (29, პენ), 1:4 ბერარდი (71, პენ)
„ჯენოა“ – „ემპოლი“ 0:0 (0:0)