„ჰამბურგს“ გერმანიის II ბუნდესლიგაში 23 ტურში მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში ზედიზედ დამარცხდა.
კონკურენტ „ვერდერთან“ წინა ტურში საშინაო წაგების შემდეგ ტიმი ვალტერის გუნდი 25-ე ტურში სტუმრად კიდევ ერთ კონკურენტ „ნიურნბერგს“ შეხვდა და 1:2 წააგო. ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ეს იყო პირველი მატჩი გერმანულ გუნდში, რომელშიც ის მინდორზე 90 წუთი იყო.
გიორგის ურიგო თამაში არ ჰქონია, აქტიურობდა და გოლის გატანა მატჩის დასაწყისშივე შეეძლო, მაგრამ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. ბავარიელები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ, რასაც HSV-მ 25-ე წუთზე უპასუხა. „ჰამბურგი“ 3 ქულის მოპოვებას ცდილობდა და საკმაო შანსებიც მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა, 88-ე წუთზე კი თავად გაუშვა და წააგო. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ გიორგის თამაში 6.5, ხოლო Whoscored-მა 6.8 ქულით შეაფასა.
„ჰამბურგს“ მეორე ბუნდესლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (მიჯრით ორი წაგება) და თავს იმით თუ დაიმშვიდებს, რომ შუა კვირაში გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდა.
„ჰამბურგმა“ ამ წაგებით პოზიციები მნიშვნელოვნად დათმო და 41 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ ერთად იყოფს. აღსანიშნავია, რომ HSV-ს სწორედ „ნიურნბერგმა“ გადაასწრო, რომელსაც 42 ქულა აქვს. სატურნირო ცხრილს 47-47 ქულით „დარმშტადტი“ და „ზანკტ პაული“ ლიდერობენ, ხოლო „ვერდერს“ 45 ქულა და კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.