პრომოუტერი ედი ჰერნი ამბობს, რომ ენტონი ჯოშუა ოლეკსანდრ უსიკს იმდენ დროს მისცემს, რაც საჭირო იქნება უკრაინის დასაცავად. უსიკმა ბრიტანელ მოკრივეს მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები ჩამოართვა. ჯოშუამ კონტრაქტით გაწერილი რემატჩი მოითხოვა, მაგრამ ახლა, როცა რუსეთი უკრაინას უტევს, უსიკი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩაეწერა და საკრივო ბრძოლისთვის მოსამზადებლად არ სცალია.
უსიკი ლონდონში იმყოფებოდა და ჯოშუასთან რემატჩზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, როდესაც რუსეთმა ომი წამოიწყო. მას სასწრაფოდ კიევში დაბრუნებამ მოუწია. ის შეძლებისდაგვარად ვარჯიშობს, თუმცა ეს საკრივო ბრძოლისთვის მოსამზადებლად არ კმარა.
ჰერნი ვარაუდობდა, რომ ჯოშუას და უსიკის რემატჩი გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში დაენიშნა. მაგრამ თვლის, რომ უსიკი პატივისცემას იმსახურებს და სანამ ვალს მოიხდის, არავინ დააჩქარებს.
„რა ტქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ოლეკსანდრ უსიკს. ჩვენი ფიქრები ახლა უკრაინელებთანაა. ჩვენ მას საკმარის დროს მივცემთ. ახლა არავინ იცის, ეს ყველაფერი როდის დამთავრდება. ენტონის მხოლოდ მასთან ბრძოლა სურს. ამის გამო, ბევრი სარფიანი შეთავაზება უარყო. თუ შუალედური ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა გვექნება, უარს არ ვიტყვით, მაგრამ ოლეკსანდრ უსიკთან რემატჩი მთავარია“, - ამბობს ჰერნი.
35 წლის უსიკი ამბობს, რომ უკრაინისთვის ბრძოლის შიში არ აქვს. ის ქალაქ ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლშია დაბადებული, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.