ფეხბურთი

0:10 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "კატასტროფული პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ მეტი შეგვიძლია"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „დინამო ბათუმთან“ მარცხის შემდეგ (0:3) კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ამ ერთი თამაშით შეფასების გაკეთება არ შეიძლება და გუნდს მეტი შეუძლია.

„ვულოცავ „დინამო ბათუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას. პირველი ტაიმი, რაც ჩავატარეთ, აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა იმ გუნდს და იმ მიზნებს, რომელიც გვაქვს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ბევრი პირველი ტურის მერე ეიფორიაში იყო. პირველ ტაიმში „დინამო ბათუმმა“ პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლა მოიგო და პირველი ნახევარი კატასტროფულად ცუდი იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მომავალში ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრი შეგვიძლია. ამ ერთი თამაშით შეფასება არ შეიძლება, ისევე, როგორც პირველი ტურის მერე ვთქვი, რომ ეს არაფერს ნიშნავდა. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მხოლოდ მეორე ტური იყო, ყველაფერი წინ არის. იმედი მაქვს, ჩვენთან ერთად ფეხბურთელები ამას კარგად გაანალიზებენ და ვფიქრობ, გავაგრძელებთ წინსვლას“, - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისს“ ორ ტურში 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „სიონს“ დაუპირისპირდება.

0.112456