ფეხბურთი

22:59 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ზედიზედ მეორე და "ტორპედოს" პირველი გამარჯვება სეზონში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება მასპინძლებმა მოიგეს - 3:0.

გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს ცალსახად აჯობა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. მოედანზე საუკეთესო ჯოვინო ფლამარიონი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. ბრაზილიელმა შემტევმა ანგარიში მე-11 წუთზე ახლო მანძილიდან გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე სხვაობა ორამდე მაშინ გაზარდა, როცა საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი. „დინამო ბათუმმა“ საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის გოლით დააფიქსირა, მას ასისტენტობა ჯოვინომ გაუწია.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით ერთადერთი უდანაკარგო გუნდია, ხოლო მომდევნო ტურში გორის „დილას“ დაუპირისპირდება. „დინამო თბილისს“ 3 ქულა აქვს და წინ „სიონთან“ შეხვედრა ელოდება.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის „ტორპედომ“, რომელმაც შინ გორის „დილა“ დაამარცხა. მატჩის ბედი მეოთხე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. გორელებმა საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგეს ბურთი, რითაც ირაკლი ბუღრიძემ ისარგებლა და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი მიითვალა.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჯოვინო (11), 2:0 ჯოვინო (24), 3:0 ბიძინაშვილი (64)

„ტორპედო“ – „დილა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბუღრიძე (4)

0.15001