ფეხბურთი

2:30 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის მშრალი და ძალიან დამაჯერებელი თამაში: "ვალენსია" ესპანეთის თასის ფინალშია

„ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალშია! ხოსე ბორდალასის გუნდმა ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ორი მატჩის ჯამში 2:1 აჯობა.

გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა, კარი მშრალად შეინახა და გამარჯვებაში არცთუ პატარა წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში მე-12 თამაში ჩაატარა (10 ლა ლიგაში, 2 - თასზე), მათ შორის ზედიზედ მეექვსე და ბოძებულ შანსს კარგად იყენებს.

მამარდაშვილმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა. მართალია, ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რაც ჰქონდა, მას თავი კარგად გაართვა და დამაჯერებლობა ნამდვილად ეტყობოდა, როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებსა და ფეხით თამაშში.

გიორგიმ „ვალენსია“ გოლისგან 21-ე წუთზე იხსნა, როდესაც იკერ მუნიანის დარტყმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტში თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ოფსაიდი არ იყო, ამდენად, გოლი რომ გასულიყო, VAR-ი მას ჩათვლიდა და მამარდაშვილს ეს სეივი თამამად შეგვიძლია აქტივში შევუტანოთ. 41-ე წუთზე 21 წლის ქართველმა ინიაკი უილიამსს აჯობა, რომელიც მასთან პრაქტიკულად პირისპირ იყო, მაგრამ კარი დროულად დატოვა, დარტყმის სივრცე შეუზღუდა და აჯობა. 75-ე წუთზე მამარდაშვილი მიკელ ვესგას ჯარიმას გაუმკლავდა, თანაც ისე რომ ბურთი ხელებში გააქვავა, როცა ყველა ელოდა, რომ მას უბრალოდ მოიგერიებდა. სხვათა შორის, ოფიციალურ სტატისტიკაში „ბილბაოს“ კარში ერთადერთ დარტყმად სწორედ ეს ჩაიწერა. გარდა ამისა, მას მაღალ ბურთებზე გამოსვლებზე ხარვეზები არ ჰქონია. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ გიორგის 7.1 ქულა დაუწერა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო.

ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს გაიმართება, მეორე ფინალისტის ვინაობა კი 4 მარტს, სევილიაში, „ბეტისისა“ და „რაიო ვალეკანოს“ შეხვედრაში გაირკვევა. პირველი მატჩი ანდალუსიელებს სტუმრად 2:1 აქვთ მოგებული. „ვალენსია“ მომდევნო მატჩს ლა ლიგაში 5 მარტს, საკუთარ მოედანზე „გრანადასთან“ გამართავს. აქვე ვთქვათ, რომ "ღამურები" ესპანეთის თასის ფინალში მე-18-ედ გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11708