სხვა

1:22 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ოლეკსანდრ უსიკი კიევის დამცველთა შორისაა

როდესაც უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ოლეკსანდრ უსიკმა, გასულ ზაფხულში, ლონდონში ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაამარცხა და მის ტიტულებს დაეუფლა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ექვსი თვის შემდეგ, ახალ ჩემპიონს ხელში იარაღის აღება და საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ომში წასვლა მოუწევდა.

უსიკს ტიტულების შესანარჩუნებლად, ჯოშუასთან განმეორებითი ბრძოლა აქვს გასამართი. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სავარჯიშო დარბაზში ემზადებოდეს, იარაღით ხელში დგას. როდსაც ომი დაიწყო, ის ლონდონში იმყოფებოდა. კიევში პირდაპირი რეისით გამგზავრება ვერ შეძლო. ჯერ ვარშავაში ჩაფრინდა, იქიდან კი დაახლოებით 800 კილომეტრი მანქანით გაიარა, რათა ოჯახს შეერთებოდა.

სიენენთან საუბრისას, სამი შვილის მამა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქალაქის ტერიტორიულ თავდაცვით ბატალიონში ჩაეწერა და ბრძოლისთვის მზადაა.

„შესაძლოა, სენტიმენტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, სხეული და ღირსება კი ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს. ამიტომ შიში არ მაქვს, აბსოლუტურად არ მაქვს. უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება მსგავსი რამ 21-ე საუკუნეში ხდებოდეს“, - ამბობს უსიკი და დასძენს:

„არ ვიცი, რინგზე დაბრუნებას როდის შევძლებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემთვის ჩემი ქვეყანა და ჩემი ღირსება, ჩემთვის საჩემპიონო სარტყელებზე მეტს ნიშნავს“.

ჩემპიონი ამბობს, რომ უბრალო რუსები მათივე პრეზიდენტმა მოატყუა: „რუსებმა არც იციან, აქ რა ხდება, ისინი ვერ ხედავენ, აქ რა ხდება. ისინი საკუთარი პრეზიდენტის მსხვერპლნი არიან“.

35 წლის მოკრივე, ვინც მძიმე წონაში IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ჩემპიონის ტიტულებს ფლობს, ვარჯიშს მაინც აგრძელებს და ამბობს, რომ ეს მას ამ ყველაფრის გადატანაში ეხმარება, შვილებს კი იუმორით ართობს. თუმცა ეს ნაძალადევი იუმორია, რასაც ყოფის შესამსუბუქებლად მიმართავს.

0.127783