ფეხბურთი

22:49 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რომან აბრამოვიჩმა დაადასტურა, რომ "ჩელსის" ყიდის

რომან აბრამოვიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლონდონის „ჩელსის“ ყიდის. განცხადება ინგლისური გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლოო დღეებში მედიის სპეკულაციას „ჩელსის“ ჩემს მფლობელობასთან დაკავშირებით. როგორც ადრე ვთქვი, მე ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებას კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება კლუბის გაყიდვის შესახებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის კლუბის, გულშემატკივრების, თანამშრომლების, ასევე კლუბის სპონსორებისა და პარტნიორების ინტერესებში. კლუბის გაყიდვა არ დაჩქარდება, მაგრამ ეს სათანადო პროცესს მოჰყვება. ჩემთვის მთავარი ვნება და კლუბია, არა ბიზნესი და ფული.

გარდა ამისა, ჩემს გუნდს დავავალე საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელსაც გადაეცემა კლუბის გაყიდვიდან მიღებული მთელი წმინდა შემოსავალი. ფონდი დაეხმარება უკრაინაში ომის შედეგად ყველა დაზარალებულს. ეს მოიცავს არსებითი სახსრების უზრუნველყოფას გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ასევე, გრძელვადიანი აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას.

მინდა, იცოდეთ, რომ კლუბის გაყიდვა იყო წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება, მტკივნეულია კლუბთან ამ გზით განშორება. თუმცა, მჯერა, ეს კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალია. იმედი მაქვს, ბოლოჯერ შევძლებ „სტემფორდ ბრიჯზე“ სტუმრობას. დროა დაგემშვიდობოთ. ცხოვრების პრივილეგია იყო ჩემთვის „ჩელსის“ შემადგენლობაში ყოფნა და ვამაყობ ერთობლივი მიღწევებით. „ჩელსი“ და მისი გულშემატკივრები მუდამ ჩემს გულში იქნებიან“, - თქვა აბრამოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომან აბრამოვიჩმა ლონდონის „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა და კლუბი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცია. მისი მფლობელობის პერიოდში ლონდონურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

0.120584