პოპულარული შვედეთის რალი, „ტოიოტას“ ფინელი მრბოლის, კალე როვანპერას გამარჯვებით დასრულდა. მან 22 წამით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ბელგიელი ტიერი ნოივილი (ჰიუნდაი). ამან კი მეორე ადგილზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც „ტოიოტას“ მეორე პილოტს, უელსელ ელფინ ევანსს ავარია მოუვიდა. მესამე ადგილი „ტოიოტას“ კიდევ ერთმა ფინელმა მრბოლმა, ესაპეკა ლაპიმ დაიკავა.
„არ მეგონა, თუ ასეთი კარგი შედეგი გვექნებოდა. მითუმეტეს, პარასკევს სპეცმონაკვეთებზე პირველი მე გავდიოდი. ეს საკმაოდ რთული იყო, მაგრამ გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და მანქანაც კარგი იყო. ახლა თავს გაცილებით თავდაჯერებულად ვგრძნობ“, - განცხადა როვანპერამ, ვინც ჩემპიონატში გამართული პირველი ორი რბოლის (13-დან) შემდეგ, ნოივილს 14 ქულას უგებს.
როვანპერასთვის ეს კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე (WRC) მოპოვებული მესამე გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ მამამისმა, ჰარი როვანპერამ, თავისი ერთადერთი გამარჯვება 21 წლის წინათ, სწორედ შვედეთში მოიპოვა.
„მოვიგე, მაგრამ ბევრ ზეიმს არ ვაპირებ. ან როგორ უნდა ვიზეიმო, როდესაც უკრაინას ასეთი ძნელბედობა აქვს. იმედი მაქვს, ისინი გაუძლებენ და ამ სიძნელეებს გადალახავენ< - განაცხადა გამარჯვებულმა.