რუსულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს შესაძლოა კონტრაქტების გაწყვეტის და კლუბების დატოვების უფლება მიეცეთ.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) ფიფას მიმართა, რომ რუსეთში მოთამაშე ყველა ლეგიონერს უფლება მიეცეთ, რუსულ კლუბებთან არსებული კონტრაქტები კომპენსაციის გარეშე გაწყვიტონ.
„ფიფას ამის გაკეთება შევთავაზეთ. ეს ღონისძიება, რაც შეიძლება მალე უნდა უნდა განხორციელდეს. მზარდი კონფლიქტი გვეჩვენება იმის მიზეზად, რომ ფეხბურთელებს მივცეთ საშუალება კლუბებთან კონტრაქტები კომპენსაციის გარეშე გააუქმონ. ამჟამად ფიფასთან ამ საკითხს განვიხილავთ. ორი წლის წინ ფიფამ კორონავირუსის გამო ტრანსფერის წესები შეცვალა. მათ შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში წესების კორექტირება, რაც ორი წლის წინაც დადასტურდა. უკიდურესად შემაშფოთებელი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ მოთამაშეებს უნდა მიეცეთ ქვეყნის დატოვების თავისუფლება“, - თქვა FIFPro-ს საბჭოს წევრმა ლუის ევერარდმა.
შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს. რუსეთის პრემიერლიგაში ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე, ლუკა წულუკიძე და ლუკა გაგნიძე თამაშობენ.