გელზენკირხენის „შალკემ“ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
„გაზპრომი“ „შალკეს“ მთავარი სპონსორი იყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის შემდეგ, კლუბმა ქმედითი ნაბიჯები გადაგა. ჯერ იყო და გერმანელებმა მაისურიდან წაიშალეს რუსული კომპანიის სახელი, ახლა მასთან კონტრაქტი საერთოდ გაწყვიტეს.
„შალკეს“ მმართველი და სამეთვალყურეო საბჭო შეთანხმდნენ, რომ კლუბმა ნაადრევად დაასრულოს „გაზპრომთან“ პარტნიორობა. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ახალი სპონსორის წარდგენას შევძლებთ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ გელზენკირხენის „შალკეს“ სპონსორი „გაზპრომი“ 2007 წლიდან იყო.