44 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს იწურებოდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჯიჯი „ჯალობლუში“ 2024 წლამდე დარჩება.
ამრიგად, ბუფონი ფეხბურთს 46 წლამდე ითამაშებს. ინფორმაცია „პარმას“ პრეზიდენტმა მაქს კრაუზემ დაადასტურა:
„კარგი ამბავი მაქვს, ჯიჯიმ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ის დიდი მოთამაშეა, ჩვენი სიამაყე. ჯიჯის დიდი ვნება აქვს „პარმას“ მიმართ, ძალიან ბედნიერები ვართ მისი მხარდაჭერით და ერთგულებით“, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ბუფონის საფეხბურთო კარიერა „პარმაში“ დაიწყო, სადაც 1995-2001 წლებში თამაშობდა, შემდეგ „იუვენტუსში“ 2001-2018 და 2019-2021 წლებში ითამაშა, ერთი სეზონი გაატარა პსჟ-ში, ხოლო „პარმას“ გასულ ზაფხულს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში ლეგენდარულმა იტალიელმა 23 მატჩი ჩაატარა. ბუფონი პროფესიონალურ დონეზე უკვე 27 წელია თამაშობს და კიდევ 2 წელი ითამაშებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაუჯერებელი ისტორიაა.