ფეხბურთი

2:00 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას: "რუსეთთან თამაში სირცხვილი და უკრაინის ღალატია"

პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას უპასუხა და რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.

როგორც პოლონელთა განცხადებაშია აღნიშნული, სახელისა და ადგილის შეცვლას მნიშვნელობა არ აქვს, რუსი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ახლა სირცხვილია და ფიფა თუ მათ ტურნირიდან არ მოკვეთს, ეს იქნება უკრაინელი ხალხისთვის ზურგის შექცევა.

„პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სასტიკი აგრესიისა და იქ მიმდინარე ომის შემდეგ, ვერ ხედავს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთთან თამაშის შესაძლებლობას რუსი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდის დასახელებისა და მატჩის ჩატარების ადგილის მიუხედავად.

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წინაშე, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაგმო, ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რისი მიღებაც შეგვიძლია. რუსეთის ნაკრებთან მატჩში თამაში სამარცხვინო იქნება არა მხოლოდ ჩვენი წარმომადგენლებისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო საზოგადოებისთვის. ეს იქნება უკრაინელი ერისთვის სოლიდარობის უარყოფა. როგორც საფეხბურთო ასოციაცია, უარს ვამბობთ რუსეთის ნაკრებთან ერთად პლეი-ოფში მონაწილეობაზე.

ამავე დროს, მოვუწოდებთ ფიფას მაღალჩინოსნებს დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინონ იმ სასტიკ ძალადობაზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე. თუ ფიფასთვის ადამიანის უფლებების პოლიტიკა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქაღალდზე სიტყვები, მაშინ დროა ამოქმედდეს და რუსეთის საფეხბურთო კავშირს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობა აუკრძალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა უარი განაცხადეს.

0.118856