კალათბურთი

10:28 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "წინა მატჩზე უფრო მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს და სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.

გამარჯვების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს. მატჩის წინ ბერძენმა მწვრთნელმა, ისევე, როგორც კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

ილიას ზუროსი: „შეიძლება ითქვას, რომ წინ გვაქვს მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი. ვიცით, რომ მეტოქეს წინანდელზე მეტი მოთამაშე ეყოლება, რადგან ორი კალათბურთელი ტრავმის გამო აკლდათ, რომლებიც დაბრუნდნენ. ძალიან მობილიზებულები უნდა ვიყოთ, წინა შეხვედრაზე მეტად კონცენტრირებულები და ენერგიულები, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ეს მოგება მომდევნო ეტაპის საგზურს გვინაღდებს“.

გიორგი შერმადინი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში. ისიც ვიცით, რომ არ იქნება ადვილი თამაში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზად ვიყოთ შეხვედრისთვის. ვიმედოვნებ, რომ მოვიგებთ და ჯგუფიდან გავალთ“.

დუდა სანაძე: „ვიცით, რომ ადვილი გასეირნება არ იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიას რამდენიმე მოთამაშე დაემატა და საკმაოდ გაძლიერდა, ამიტომ, იოლი არ იქნება. ჩემი აზრით, არც თბილისში გვქონდა ადვილი მატჩი, მოიპოვეთ უპირატესობა, რომლის შენარჩუნება შევძელით. ყველანი მზად ვართ იმისთვის, რომ საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ და გულშემატკივრები გავახაროთ ჩვენი მოგებით“.

თად მაკფადენი: „საკმაოდ რთული მატჩი იქნება, შეკრული გუნდია, ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლებიც მთელი მონდომებით და ბოლომდე იბრძვიან. ისეთი მატჩია, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ. ჩვენი მეტოქე სახლში თამაშობს და როცა სტუმარი ხარ, ყოველთვის რთულია. ბრძოლას ველით, რისთვისაც კარგად ვართ მომზადებულები“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 2 მოგების საპირისპიროდ 1 წაგება აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.117484