ფეხბურთი

0:43 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა რუსეთში თამაშზე უარი თქვეს

პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებები რუსეთში სათამაშოდ ჩასვლას არ აპირებენ. სამივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ფიფა/უეფას გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდეს.

„პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციები მკაცრად გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციები თანხმდებიან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები რუსეთში არ უნდა ჩატარდეს.

ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას, არ წავლენ რუსეთში და არ ჩაატარებენ მატჩებს. სამხედრო ესკალაციას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, აქვს სერიოზული შედეგები და მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენი პერსონალისა და ოფიციალური დელეგაციის უსაფრთხოებას. ამიტომ, ველით ფიფასა და უეფას დაუყოვნებლივ რეაქციას და მომავალი მატჩებისთვის ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღებას“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები 24 და 29 მარტსაა დაგეგმილი. ნახევარფინალში რუსეთი პოლონეთს და შვედეთი ჩეხეთს უნდა დაუპირისპირდეს.

0.121147