საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ილიას ზუროსის გუნდმა თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა, მაგრამ ძალიან იოლად მოიგო - 91:70.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს შანსი არ მისცა, ოთხიდან სამ პერიოდში დამაჯერებლად აჯობა და ცხადია, გამარჯვება მარტივად მოიპოვა. რაც მთავარია, ზუროსის გუნდმა გუნდური კალათბურთი ითამაშა - ხუთმა კალათბურთელმა შეძლო გუნდისთვის მინიმუმ 10 ქულის შეძენა.
ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო, რომელმაც 26 ქულა მიითვალა, გარდა ამისა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველი ცენტრის აქტივში 20 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა. დუდა სანაძის აქტივში 11 ქულაა, 12 ქულით დაასრულა თამაში კახა ჯინჭარაძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა 10 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში 2 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და ჯგუფში 5 ქულით პირველ ადგილზეა (თუმცა ესპანეთს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), მომდევნო შეხვედრას კი 27 თებერვალს, სტუმრად ისევ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია 91:70 (24:18, 22:13, 22:16, 23:23)