ლონდონის „ტოტენჰემს“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ბარნლისთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
იტალიელი სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ კლუბი დატოვოს, რადგან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელშიც მანამდე არ ყოფილა.
„ისე ვთამაშობთ, თითქოს გადარჩენისთვის ბრძოლაში ვიყოთ ჩართული. შესაძლოა, რაღაც სწორად არ კეთდება. მინდა ავიღო ჩემი პასუხისმგებლობა, მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად. მაქვს ამბიციები და მძულს წაგება. ამ მომენტში ხელფასის აღებაც არ არის სწორი. მინდა, „ტოტენჰემს“ დავეხმარო, მაგრამ მსგავსი სიტუაცია ჩემს კარიერაში არასდროს ყოფილა. ამ მომენტში, როგორც ვთამაშობთ, შეგვიძლია მე-12, მე-13 ან მე-14 ადგილი დავიკავოთ. საჭიროა მაგიდასთან დასხდომა და კლუბთან საუბარი“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და კრიზისშია. ამ პერიოდში „დეზებმა“ მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და ისიც „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. კონტეს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.