აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, ბრიტანელი ემა რადუკანუ იძულებული გახდა, გვადალახარას WTA 250 სერიის ტურნირი დაეტოვებინა. ამის მიზეზი გახდა ბარძაყის ტრავმა, რომელიც მან ავსტრალიელ დარია სავილთან შეხვედრისას მიიღო.
19 წლის რადუკანუ ავსტრალიის ღია პირველობას მეორე წრეშივე გამოეთიშა და მას შემდეგ, გვადალახარამდე (მექსიკა) არსად უთამაშია. სავილთან შეხვედრისას, მას გამარჯვებამდე ორი ქულა აშორებდა. ანგარიში იყო 7-5, 5-3 მის სასარგებლოდ და თავადვე აწოდებდა. მაგრამ ავსტრალიელმა თამაშის შემობრუნება შეძლო და მეორე სეტის ტაიბრეიკზე, სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
სავილი შარშან რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და 610-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. რადუკანუსთან შეხვედრის მესამე სეტში, მას ფეხებში სპაზმები ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოს მე-12 ჩოგანს უფრო გაუჭირდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და კორტი დატოვა.
კორტზე დაბრუნებულ რადუკანუს მარცხენა ბარძაყი შეხვეული ჰქონდა. მან კიდევ ორი გეიმი ითამაშა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ თამაში შეეწყვიტა. ამ დროს, ანგარიში 5-7, 7-6(4), 4-3 იყო სავილის სასარგებლოდ.
შეხვედრის შეწყვეტის მიუხედავად, ის სამი საათი და 36 წუთი გრძელდებოდა. ამგვარად, ეს მიმდინარე სეზონში, WTA-ს ტურზე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა გამოდგა.