ფეხბურთი

18:45 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღის" მწვრთნელი გუგეშაშვილზე: "შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მას ვენდობი"

უეფას კონფერენს ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ყარაბაღი“ საკუთარ მოედანზე მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება და მატჩის წინ აზერბაიჯანელთა მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა ლუკა გუგეშაშვილზე ისაუბრა.

ჟურნალისტებმა გამოცდილ სპეციალისტს ჰკითხეს, „ველოდრომზე“ დაშვებული შეცდომების შემდეგ ქართველ მეკარეს თუ ესაუბრა:

„არ მიყვარს ჩემი ფეხბურთელების შეცდომების განხილვა. ლუკას პლუსები მისი სიმშვიდეა. იყო ტექნიკური ხარვეზები და ამისგან არავინაა დაზღვეული. მეკარეები ასეთ შეცდომებს ევროპაშიც უშვებენ. ეს არ არის გლობალური პრობლემა. მას ყოველთვის ველაპარაკები, დიდი პოტენციალი აქვს, ყველაფერი აქვს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. მუშაობით შეუძლია ტექნიკური შეცდომები აღმოფხვრას. სჭირდება ისეთი გამოცდილება, რომელიც ჩვენს სხვა ფეხბურთელებს აქვთ. ვფიქრობ, არ ღირს მასზე ზეწოლა. მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს, მე მას ვენდობი. მასაც სურს, ყველაფერი გააკეთოს და წარმატებაში წვლილი შეიტანოს. მეკარეების შეცდომებს ყოველთვის ყველაზე მეტად განიხილავენ, თუმცა ხარვეზები გამოსწორდება“, - თქვა ყურბანოვმა.

შეგახსენებთ, „ყარაბაღმა“ „მარსელთან“ სტუმრად 1:3 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა ბაქოში 24 თებერვალს გაიმართება.

0.114949