ფეხბურთი

10:25 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ზედიზედ მე-3 საშინაო მარცხზე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"
"ჰალ სიტიმ" ბოლოადგილოსანთან წააგო, რომელმაც სეზონში სტუმრად პირველად მოიგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ შინ გათამაშების ბოლოადგილოსან „ბარნსლისთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა. „ვეფხვებმა“ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვეს და ძალიან ცუდად ითამაშეს.

საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო ქართველი სპეციალისტიც, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ მისმა შეგირდებმა საჩუქარი ვერ გაუკეთეს. აღსანიშნავია, რომ „ბარნსლიმ“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო სტუმრად (17 მატჩში), ხოლო „ჰალმა“ შინ ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა.

„იმედგაცრუებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული, განსაკუთრებით პირველი ტაიმის გამო. არ ველოდით ჩვენი მხრიდან ასეთ ნელ თამაშს. კარგი ის არის, რომ ბიჭებმა თავადაც იციან, რომ ცუდად ვითამაშეთ და ზოგჯერ ზედმეტი სიტყვების თქმა საჭირო არ არის. ისინი გულწრფელი, კარგი ბიჭები არიან და იციან, რომ გუნდურად არ გვითამაშია. ინდივიდუალური შეცდომები იყო, მაგრამ გუნდურად არ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე და წავაგეთ.

ამ ტიპის თამაშებში ზეწოლა დიდია. სახლში თამაშობ, ბევრი გულშემატკივრის წინაშე, უნდა გამოხვიდე და გააკეთო ის, რასაც ყველა მოელის. კარგი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ შემდეგ მათ ბურთი მივეცით და გაგვიტანეს, კუთხური ვაჩუქეთ ტაიმის ბოლო წუთზე და მეორე ბურთი გავუშვით, ასე რთულია.

პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ, დადებითი იყო ფანების მოსვლა სტადიონზე და ისინი ბოლო წუთამდე მხარში გვიდგანან. ვცდილობდით მეორე ტაიმში რეაგირება მოგვეხდინა, რათა თამაშში დავბრუნებულიყავით. ტაილერ სმითს ჰქონდა შანსი მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე და ეს თამაშში დაგვაბრუნებდა, მაგრამ ალბათ, მეტი მომენტის შექმნა შეგვეძლო. არ ვიყავით კარგები და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა სტუმრებს ვაჩუქეთ“, - თქვა არველაძემ.

„ჰალ სიტი“ სატურნირო ცხრილში 34 ტურის შემდეგ 34 ქულით მეოცე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, სტუმრად „პიტერბოროსთან“ გამართავს.

0.118129