ფეხბურთი

11:00 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "მირჩევნია მახინჯი და გამარჯვებული "იუვე" მყავდეს, ვიდრე ლამაზი და დამარცხებული"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ შეხვედრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა გოლი დაუდევარი შეცდომით გაუშვა, ისეთი მომენტისგან, როცა გოლის გატანის მოლოდინი მეტოქესაც არ ჰქონდა.

„ახლა, როცა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია, მეორე მატჩი უბრალოდ უნდა მოვიგოთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოცდილი და ტექნიკური გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, შეუძლებელია 3:0 მოგებაზე იფიქრო. რაბიოს შეცდომა გადამწყვეტი იყო, მაგრამ მანამდე ვლაჰოვიჩზე ჯარიმა გახლდათ. ჩვენც გავჩერდით და ისინიც. თავი ცუდად დავიცავით, ექვსნი ერთის წინააღმდეგ ვიყავით, რაბიო არ გაიქცა, გავჩერდით და გაიტანეს. გოლი ისეთ მომენტში გავუშვით, როცა მეტოქეც არ ელოდა, რომ გაიტანდა.

ვლაჰოვიჩმა ალბიოლის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, რაც ადვილი არ არის. ის კარგი იყო, ისევე, როგორც მორატა. ასეთი სტილით უნდა გვეთამაშა, თამაშის გაშლას ვცდილობდით, რადგან ისინი ვიწრო ხაზებით თამაშობენ. თამაში ხელში გვქონდა, მაგრამ შეცდომა დავუშვით. უმჯობესია მოგებული და მახინჯი „იუვენტუსი“, ვიდრე ლამაზი და დამარცხებული.

გუნდში ძალიან ბევრი ტრავმაა. არტურს დაცვის წინ თამაში უჭირს, ზაკარიას დრო სჭირდება, თუმცა დღეს ორივე კარგად შევიდა თამაშში. ახლა „ემპოლიზე“ უნდა ვიფიქროთ. მაკკენი? ის რენტგენის გადასაღებად წაიყვანეს. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერი იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

0.121347