იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. როგორც მან ადგილობრივ მედიას უთხრა, იტალიელები რთულ მომენტებში უფრო ძლიერდებიან.
„მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ კიდეც. დამღლელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგჯერ არსებობს მომენტები ცხოვრებაშიც, სამსახურშიც, რომლებიც რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ, იტალიელები სწორედ ასეთ მომენტებში უფრო ვძლიერდებით“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში 24 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი 29 მარტს ფინალში სტუმრად პორტუგალიას ან თურქეთს დაუპირისპირდება.