ფეხბურთი

17:51 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ვილიარეალთან" ფავორიტები არ ვართ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ მისი გუნდისგან კარგ თამაშს ელოდება.

„ამ მერვედფინალს ფავორიტი არ ჰყავს, შანსი 50-50%-ზეა. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ისევე, როგორც ჩვენ. გამოცდილი გუნდია და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც მეტოქეს არანაირ უპირატესობას არ აძლევს. მოგვიწევს დეტალებზე ყურადღების გამახვილება. სუფთად უნდა ვითამაშოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ, რადგან მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, მაგრამ მეოთხედფინალში ხვალ ვერ გავალთ, თუ 3:0-ს ან 4:0-ს არ მოვიგებთ.

მშვიდად ვარ, რადგან გუნდი მენტალურად გაიზარდა. ადრე მოულოდნელ რაღაცებთან გამკლავებას ვერ ვახერხებდით, ახლა - კი. ხვალ კარგი მატჩია, მინდა ვნახო გუნდი, რომელიც ბურთით კარგად ითამაშებს და თავს მის გარეშეც კარგად დაიცავს. რთული თამაში გველოდება გუნდთან, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენი დამარცხება ძნელია.

ფრე კარგი შედეგი თუ იქნება? დადებითი შედეგი კარგია, ფრე იქნება თუ მოგება. სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებით, რაღაცები იცვლება, ადრე შეიძლებოდა ერთი ბურთი წაგეგო და ერთით მოგეგო და შემდეგ ეტაპზე გასულიყავი, ახლა ასე აღარ არის“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.117876