სტეფ კარის სამქულიანების რეკორდი, ლებრონის გუნდის მორიგი გამარჯვება, მაგარი შოუ კლივლენდში და დაძაბული მატჩი - ეს 75-ე NBA ALL STAR-ია.
კარიმ ყველა ვარსკვლავის მატჩის ისტორიაში, შორ დისტანციებზე სროლის საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან სამქულიანი ფარის მიმართულებით 27-ჯერ ისროლა და 16-ჯერ ზუსტად. საბოლოო ჯამში 33 წლია ამერიკელს მაგარი ღამე გამოუვიდა, რადგან ლებრონის გუნდს 50 ქულა მოუტანა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - რაც დაუფასდა კიდევაც.
სტეფმა პარკეტზე 36:15 წუთი გაატარა და 30 სროლიდან 17 ჩააგდო. სამქულიანების გარდა მის ანგარიშზე 3-დან ერთი ორქულიანი იყო. 50 ქულას კი 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დაამატა. მისი +- მაჩვენებელი 1-ს გაუტოლდა, ხოლო ერთხელაც დაჯარიმდა.
კარი ენტონი დევისის რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობდა, რომელსაც All Star-ების ყველა დროის რეკორდი 52 ქულა ჰქონდა და სხვათა შორის, რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ სათადარიგოთა სკამზე მჯდომებს ეკითხებოდა, თუ რამდენი ქულა სჭირდებოდა შედეგის გასაუმჯობესებლად. მაგრამ, მას ბოლო პერიოდში თამაში არ წაუვიდა. მესამე მეოთხედამდე სტეფის ანგარიშზე 45 ქულა იყო, ხოლო დასკვნით პერიოდში მხოლოდ 5 ქულის დაგროვება შეძლო. სხვათა შორის აქ ლიდერობა გუნდის კაპიტანმა და იანის ანტეტოკუმპომ ითავეს და კარისთვის თამაში იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ამერიკელი კიდევ ერთ რეკორდს უწევდა.
''ჩემთვის ოჰაიოში დაბრუნება განსაკუთრებულია, რადგან აქ დავიბადე. - თქვა სტეფმა კობი ბრაიანტის MVP-ის თასის გადაცემის შემდეგ, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა გადასცა. ''ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კარიმ MVP ჯილდოსთვის 12 ხმიდან 11 მიიღო, ერთი კი ჯეიმსმა გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოვიდა და ქულა ქულაში მიდიოდა. პირველი პერიოდი ლებრონის გუნდმა 2 ქულით 47:45 მოიგო, ტაიმის ბოლო კი დურანტის ხუთეულის გამარჯვებით - 94:93 დასრულდა. შეხვედრა მესამე პერიოდში უფრო დაიძაბა, რადგან ორივე გუნდმა 45-45 ქულა ჩააგდეს და დასკვნით მეოთხედს 139-138 ანგარიშით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ დურანტის ხუთეულმა მთელი მესამე პერიოდის განმავლობაში უპირატესობა შეინარჩუნა, რომელიც +10 ქულაც იყო.
ყველაფერი კი ბოლო მეოთხედში გადაწყდა. სტარტზევე დარიუს გარლანდმა სამქულიანი ჩააგდო და ლებრონის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. ახალი რეგლამენტის თანახმად, ბოლო მეოთხედში გუნდები 25-მდე თამაშობენ. ანუ, ის გუნდი იგებდა, რომელიც 163 ქულას უფრო ადრე დააგროვებდა.
დაძაბულობა ბოლო ქულამდე გაგრძელდა. ანგარიში ორქულიანით იანის ანტეტოკუმპომ 155-155 გახადა, მალევე ბერძენმა კვლავ ორქულიანიც ჩააგდო და წინ გაიჭრა. საპასუხი შეტევა კი ალენმა ჩაჭრა, რომელიც უკვე ლებრონ ჯეიმსმა გამოიყენა და თავისი გუნდის უპირატესობა 4-ქულამდე აიყვანა, დემარ დეროზანმა კი სიტუაცია უფრო დაამძიმა - (+6!) და 155:161.
ზაკ ლავინმა სხვაობა შეამცირა, რასაც კარის არაზუსტი სამიანი მოჰყვა, ხოლო ზაკმა ამით კიდევ ერთხელ ისარგებლა და ამჯერად 3-ქულიანი ჩააგდო. 160:161.
დურანტის გუნდს ერთი სამიანიც ჰყოფნიდა თამაში გამარჯვებით დაესრულებინა, ხოლო ლებრონის გუნდს 2, შეხვედრას წერტილი თავად კაპიტანმა დაუსვა, რომელმაც ზაკი მეურვეობდა, თუმცა მან შეტრიალება და სროლა მოახერხა და საკუთარ გუნდს საბოლოო გამარჯვება მოუტანა - 163:160.
გამარჯვებულთა გუნდში იანის ანტეტოკუმპომ 30 ქულა დააგროვა, რასაც ბერძენმა 10 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაც წაამატა. მან ორმაგი დუბლი მიითვალა და საერთო ჯამში 21-დან 15 სროლა ზუსტად გამოიყენა. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 18-დან 15 ორქულიანი იყო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. მან 3 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებლებში 1 ჰქონდა.
რაც შეეხება გუნდის კაპიტანს - ლებრონ ჯეიმსმა თამაში თავის ძველ სახლში 24 ქულით დაასრულა. ყველა ვარსკვლავის მატჩის კლივლენდში დაბრუნება მეფე ჯეიმსის დღედ განიხილებოდა და ასეც მოხდა. ის „კლივლენდის“ ფრენჩაიზის საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელმაც მრავალი მცდელობის შემდეგ გუნდს NBA მაინც მოაგებინა - 2016 წელს. მშობლიურ გუნდში მან 2003-2010 და 2014-2018 წლებში ითამაშა.
მატჩის შემდეგ ლებრონმა სტეფ კარის თამაში შეაფასა და გაოცება ვერ დამალა:
''ეს ბიჭი სხვა პლანეტიდანაა. მას ავტომატური სნაიპერი აქვს მკლავზე მიბმული და როცა მას უშვებს, არა მხოლოდ თვითონ, არამედ ყველა იატაკზე, ტრიბუნაზე, ტელევიზორში, ტელეფონში, სადაც უყურებთ, ფიქრობთ, რომ ის გიჟია - ყოველ ჯერზე. იქ ყოფნა და მისი ყურება, როგორ ისროდა ბურთს, წარმოუდგენელი იყო,'' - თქვა ჯეიმსმა.
რაც შეეხება თავად კარის, „კლივლენდის“ გულშემატკივრებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ აპატიეს მას, რადგან სტეფმა „გოლდენ სტეიტს“ მათ წინააღმდეგ 2015-2018 წლეში NBA-ს ფინალი სამჯერ მოაგებინა. გამონაკლისი იყო 2016 წელი. მაგრამ, უშუალოდ თამაშის დღეს გულშემატკივრები ტკბებოდნენ მისი შოუს ყურებით.
აღსანიშნავია, რომ ლებრონმა 2018 წელს სტაფ კარი დაამარცხა, როდესაც ისინი კაპიტნები იყვნენ, წელს კი ერთად მოიპოვეს გამარჯვება. სხვათა შორის, მას შემდეგ ჯეიმსმა ორჯერ ზედიზედ იანის ანტეტოკუმპოს აჯობა, რომელიც ასევე გუნდში ჰყავდა.
ამჯერად კი მეფემ NBA-ის ორივე ორგზის MVP-ის დრაფტი შეადგინა, ნიკოლა იოკიჩთან ერთად, რომელიც მოქმედი MVP იყო. მისმა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოუგო გუნდს, რომელსაც კევინ დურანტი კაპიტნობდა და როგორც შარშან, ისევე წელს - მარცხენა მუხლის დაჭიმვის გამო ვერ ითამაშა.
სამაგიეროდ ითამაშა კრის პოლმა, რომელსაც მარჯვენა ცერა თითის ტრავმა აქვს და მედიის ინფორმაციით მინიმუმ ექვსი კვირას გამოტოვებდა. მან პარკეტზე 2:19 წამი გაატარა და ერთი პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო.
კაპიტნის გარეშე დარჩენილი გუნდიდან ლიდერობა საკუთარ თავზე ჯოელ ემბიდმა აიღო და მისი დამსახურებაა, რომ თამაში თანაბარ ტემპში მიდიოდა. კამერუნელმა ცენტრმა 30:35 წუთი ითამაშა და საკუთარი გუნდიდან ერთადერთი ორმაგი დუბლი მიითვალა. მისი საერთო მონაგარი კი შემდეგნაირი იყო: 36 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი.
დევინ ბუკერს 20 ქულიანი მატჩი ჰქონდა, ლამელო ბოლმა კი 18 ქულა ჩააგდო, დეჟუნტ მიურეიმ კი 17. (დურანტის გუნდი)
გასული წლის MVP ნიკოლა იოკიჩს კი სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა და 2 პასი დააკლდა. მისი მონაგარი 10 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა იყო.
2022 წლის ვარსკვლავების მატჩს კი ამაღელვებელი იყო ერთი ფაქტორის გამო. შოუ კვლავ გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა, რადგან გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩი ატლანტაში, ძირითადად, ცარიელ არენაზე გაიმართა.
ამრიგად, ლებრონმა თავის გუნდს NBA ALL STAR-ი ზედიზედ მეხუთედ მოაგებინა. წინ კი დაძაბული რეგულარული სეზონის გაგრძელება და მერე უფრო საინტერესო ეტაპი გველოდება.