ფეხბურთი

21:43 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" "ბარსელონასთან" უშანსოდ წააგო, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა

„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში შინ „ბარსელონასთან“ 1:4 წააგო, გიორგი მამარდაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა მეკარემ ოთხი გოლი გაუშვა, მაგრამ ძნელია, რომელიმე პირდაპირ მას დააბრალო. განსაკუთრებით, პირველ ნახევარში გაშვებული სამი გოლი. გიორგის პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჯერ პირისპირ აჯობა, თანაც აუღებელი დაურტყა, მერე ფრენკი დე იონგმა და იმავე ობამეიანგმა ტყუპისცალი გოლები შეაგდეს, ძალიან ახლო მანძილიდან. „ვალენსიას“ დაცვის ხაზი უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებდა. მეორე ნახევარში გიორგის 25 მეტრიდან პედრიმ აჯობა და ამჯერზე ალბათ უფრო მეტი მოეთხოვებოდა, თუმცა ხელი რიკოშეტმაც შეუშალა, რადგან ბურთი ობამეიანგს მოხვდა და კარში ჩაეშვა. სხვათა შორის, გოლიც გაბონელს ჩაეწერა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. „ვალენსიას“ მხრიდან ერთადერთი გოლი კარლოს სოლერის აქტივშია.

მამარდაშვილმა ორჯერ შეასრულა სეივი. ჯერ 46-ე წუთზე გავის შორეული დარტყმა მოიგერია და მერე 79-ე წუთზე ობამეიანგს აჯობა. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ქართველ მეკარეს 5.6 ქულა დაუწერა, რაც უგო გილამონთან ერთად ყველაზე ცუდი შეფასება იყო, ხოლო Sofasocre-მ 5.9 ქულა მიანიჭა და დიმიტრი ფოლკიეს ჰქონდა მხოლოდ მსგავსი დაბალი შეფასება. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ორივე სტატისტიკური ვებგვერდია და მეკარე, რომელიც 4 გოლს გაუშვებს, მაღალ შეფასებას ვერ მიიღებდა. ფაქტია, 4-დან 3 გოლში მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

„ვალენსიას“ ლა ლიგაში მიმდინარე წელს თამაში არ მოუგია (2 ფრე, 5 წაგება) და 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა, 26 თებერვალს კი „მალიორკას“ ესტუმრება. გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 მატჩია (9 ლა ლიგაში, 1 - ესპანეთის თასზე).

0.157026