ფეხბურთი

17:42 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ვილიარეალთან" მატჩს მძიმე საკადრო პრობლემებით ხვდება

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს, რომელსაც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, პრობლემებით ხვდება.

ტურინულ გუნდს პაულო დიბალა და დანიელე რუგანი გამოაკლდნენ. ორივე ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მათ უქმობა 10-10 დღით მოუწევთ.

დიბალამ ტრავმა „ტორინოსთან“ მატჩში მიიღო, ხოლო რუგანი ამავე შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას, არადა, მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, რის გამოც საბოლოოდ დაცვის ცენტრში მარცხენა მცველმა ალექს სანდრომ ითამაშა.

დიბალას და რუგანის გარდა, „ვილიარეალთან“ „იუვეს“ ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა და ლუკა პელეგრინი დააკლდებიან. აღსანიშნავია, რომ ტურინელთა რიგებში ჯანმრთელი მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველია - მატიას დე ლიხტი. ამიტომაც, მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ მას ცენტრში ამჯერად მარჯვენა მცველ დანილოს შეუწყვილებს.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, ესპანეთში გაიმართება.

0.120312