ფეხბურთი

2:16 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული შაბათი პრიმერაში

შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხების შემდეგ (0:1), მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებოდათ და ეს მოახერხეს კიდეც „ალავესთან“, ოღონდ მხოლოდ მეორე ტაიმში.

პირველ ნახევარში „რეალმა“ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ვერაფერი ხეირიანი აჩვენა და ტაიმიც უგოლოდ დამთავრდა. შესვენების შემდეგ კი კარლო ანჩელოტის კრებულმა სახე იცვალა და ის ძველი „რეალი“ გაგვახსენა, შიშის ზარს რომ სცემდა ყველას.

სისწრაფე, კომბინაციები, ზუსტი პასები. ამას სამი ლამაზი გოლიც მოჰყვა. განსაკუთრებით ეფექტური პირველი გახლდათ, რომელიც ასენსიომ საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში გაიტანა. საბოლოოდ - 3:0.

ახლა ლიდერმა „რალმა“ 57 ქულა მოაგროვა და 7 პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „სევილიას.“ თუმცა ანდალუსიელებმა ერთი მატჩით ნაკლები ითამაშეს.

დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო,“ როგორც იქნა, საკუთარ თავს დაემსგავსა. დაცვაშიც დალაგებულად ორჯებოდნენ და მეტოქესაც მცირე შეცდომის გამო სჯიდნენ. მატჩის ანტიგმირი კი ოსასუნელთა 28 წლის მეკარე, სერხიო ერერა გახდა.

ჯერ იყო და, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი უხეიროდ მოიგერია, პირდაპირ ჟოაო ფელიშს მიუგორა. პორტუგალიელსაც გატანა არ გასჭირვებია. ტაიმის ბოლოს პამპლონელებმა კინაღამ გაათნაბრეს ანგარიში, ანტე ბუდიმირის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქეს შეეხო და ძელს მოხვდა.

მერე იყო და, ლუის სუარესმა დაახლოებით 40 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ მეკარეს. უხეიროდ გაირჯა გამოსვლაზე ერერა მესამე გოლისასაც, როცა კორეამ ახლოდან გაუტანა - 0:3.

ამ გამარჯვებით მადრიდელები ცხრილში ისევ მეოთხე ადგილზე დადგნენ.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

25-ე ტური. 19 თებერვალი

რეალი - ალავესი 3:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0 ასენსიო (63), 2:0 ვინისიუსი (80),3:0 ბენზემა (90+1 პენ)

რეალი: კურტუა, მენდი (მარსელო 85), მილიტაო, ალაბა, კარვახალი, კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი (როდრიგო 82), ასენსიო (სებალიოსი 82), ვინისიუსი (აზარი 85), ბენზემა

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ალავესი: პაჩეკო, ტენალია, მიაზგა, ლეჟენი, დუარტე (ნავარო 83), ლუმი (მოია 83), ხასონი (პონსი 61), რიოხა (ვალეხო 72), ესკალანტე (მენდესი 72), პინა, ხოსელუ

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

მსაჯი: ხოსე მუნუერა მონტერო

გაფრთხილება: მოდრიჩი (33); ლუმი (48)

ოსასუნა - ატლეტიკო 0:3

პამპლონა. „ელ-სადარი“

0:1 ფელიში (3), 0:2 ლუის სუარესი (59), კორეა (89)

ოსასუნა: ერერა, ნაჩო ვიდალი (მარტინესი 83), კრუსი, დავიდ გარსია, მანუ სანჩესი (კოტე 76), ბრაშანაცი (რობერტო ტორესი 67), რუბენ გარსია (ბარხა 67), ტორო, მონკაიოლა, ბუდიმირი, ავილა (კიკე 67)

მწვრთნელი: არასატე

ატლეტიკო: ობლაკი, მანდევა, ხიმენესი (ფელიპე 46), სავიჩი, ვრსალკო, კოკე, ერერა, კარასკო (სერანო 82), ლორენტე (კორეა 81), ლუის სუარესი (კონდოგბია 72), ფელიში (ერმოსო 82)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ავილა (34); ვრსალკო (55), სერანო (90)

გრანადა - ვილიარეალი 1:4

0:1, 0:2 გრუნეველდი (35 პენ, 39), 1:2 მილია (61 პენ), 1:3 გრუნველდი (81 პენ), 1:4 გომესი (90+6)

კადისი - ხეტაფე 1:1

0:1 მაიორალი (6 პენ), 1:1 ნეგრედო (45+2)

0.146229