ძიუდო

21:37 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილის და ილია სულამანიძის ოქროს მედლები თელ ავივის გრანდ სლემზე

თელ ავივის გრანდ სლემი საქართველოსთვის კარგად დასრულდა - ორი ოქროს მედლით. ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება მოახერხეს.

სულამანიძემ 100 კგ წონით კატეგორიაში ისრაელის წარმომადგენელი სტანისლავ ბანჩუკი, რუმინელი ედუარდ სერბანი და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდელ მიხაელ კორელს აჯობა და თელ ავივის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა, რასაც მონღოლ მუნკაჯარგალ ერდენეხუუსთან გამარჯვება მოჰყვა, ხოლო ნახევარფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს აჯობა, ხოლო ფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვასაც სძლია და ოქროს დაეუფლა.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ონისე სანებლიძე, რომელმაც ამერიკელი სმითის ძლევის შემდეგ მიხაელ კორელთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ გონჩიგსყრენ ბატხუიაგს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ კოცოიევს დაუპირისპირდა, თუმცა დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ახლოს იყო, მაგრამ ნახევარფინალში ონისე ბუღაძე სწორედ რაფაელ სილვასთან დამარცხდა. მანამდე ონისემ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური და უკრაინელი იაკივ ხამო დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბუღაძე ავსტრიელ სტეფან ჰეგის შეხვდა, მაგრამ დამარცხდა და ისიც მედლის გარეშე დარჩა.

დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი რუფათ ისმაილოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა, რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა და ასპარეზობა დაასრულა. ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ბრაზილიელ კამილა იამაკავასთან წააგო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თელ ავივის გრანდ სლემზე 15 ძიუდოისტით გამოვიდა და 3 მედალი მოიპოვა - ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204188