კვიპროსის ჩემპიონატში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სტუმრად ნიქოზიის „აპოელი“ 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ კომენტარი თემურ ქეცბაიამ გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა თქვა, მის გუნდს არავის და არაფრის ეშინია, ამიტომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ვულოცავ ჩემს გუნდს და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. გვქონდა გეგმა და ვფიქრობ, შევასრულეთ, როგორც შეგვეძლო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები ძალიან დაგვეხმარნენ. „აპოელი“ დიდი გუნდია და ბუნებრივია, რომ ზეწოლა იყო, მაგრამ გავძელით. გამარჯვებას იმ ადამიანებს ვუძღვნით, რომლებიც ლარნაკადან ჩამოვიდნენ. ნოქიზიაში „აპოელის“ დამარცხება ადვილი არ არის, მითუმეტეს იმ კარგი სერიის დროს, რომელიც ჰქონდათ. ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
როდესაც ასეთ მეტოქეს ამარცხებ, ეს მხოლოდ 3 ქულის საკითხი არაა, არამედ ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანია. „აპოლონთან“ ასევე რთული თამაში გვექნება, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ არცერთი გუნდის და არაფრის გვეშინია.
დღეს 4 კვიპროსელით დავიწყეთ თამაში და 7-ით დავასრულეთ. არ გვაინტერესებს ფეხბურთელის ეროვნება, თუ იმსახურებს, ითამაშებს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა და ელოდება შანსს, რომ გუნდს დაეხმაროს“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა, მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, სტუმრად ლიდერ „აპოლონთან“ ჩაატარებს, რომელსაც 8 ქულა აშორებს. „აპოელს“ 36 ქულა აქვს და ლარნაკას აეკ-თან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ხოლო 25 თებერვალს, „ომონიას“ უმასპინძლებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საჩემპიონო ექვსეულში ადგილი ორივე გუნდს დაბევებული აქვს.