ჩოგბურთი

20:10 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია და ზედიზედ მეორე ტიტულისკენ მიიწევს

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია. 29 წლის ქართველი აღნიშნული ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და შესაბამისად, დოჰაში ტიტულის დასაცავად თამაშობს.

ნიკოლოზმა, რომელიც ყატარის ღია პირველობაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი სამ სეტში დაამარცხა.

პირველი სეტი მეტოქემ ძალიან იოლად, 6:1 მოიგო, მაგრამ მეორე სეტში ბასილაშვილმა ანგარიში მას შემდეგ გაათანაბრა, რაც მე-6 გეიმში ბრეიკი გაახერხა. ერთი ბრეიკი მას სეტის მოსაგებად ეყო, რადგან თავის ჩაწოდებაზე შეცდომა არ დაუშვია - 6:3.

მესამე სეტი ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო, 0:3-ს აგებდა, თუმცა, თითქმის გამოუვალი სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო. მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა (3:3), მერე შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, 5:5-ზე კი ქართველმა ბრეიკი შეასრულა და ეს გადამწყვეტი იყო. საბოლოოდ, ბასილაშვილმა 2 საათსა და 15 წუთში 1:6, 6:3, 7:5 მოიგო. მან უნგრელი ფუჩოვიჩი კარიერაში მესამედ დაამარცხა (ასევე სამჯერ თვითონაა მის წინააღმდეგ დამარცხებული).

ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი შეასრულა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო უნგრელს 2 ეისის საპირისპიროდ 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში ფრანგ არტურ რინდერკნეშს გაეჯიბრება, რომელთანაც აქამდე ერთხელ უთამაშია, 2021 წელს და მაშინ გამარჯვება მოახერხა. შეგახსენებთ, 29 წლის ქართველმა დოჰას ტურნირი 2021 წელს მოიგო და მისთვის ქულების დაცვა რეიტინგისთვისაც მნიშვნელოვანია.

0.120318