„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლისაბონის „სპორტინგთან“ (5:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, მის გუნდს იდეალურად არ უთამაშია და მარტივი შეცდომები დაუშვა, რისთვისაც დიდი გუნდები დასჯიდნენ.
„იდეალურად არ გვითამაშია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა უხარისხო ფეხბურთი აჩვენა, ბურთს ადვილად ვკარგავდით, მაგრამ შეტევაში ცივსისხლიანად ვმოქმედებდით. პირველ შვიდ წუთში დავინახეთ რამდენად კარგია „სპორტინგი“. დამიჯერეთ, გუნდებს შორის სხვაობა 0:5 არ არის.
ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი წესია, როცა ბურთი გაქვს, უნდა ეცადო, რომ არ დაკარგო. განსაკუთრებით, მარტივი ბურთები, მაგრამ ჩვენ უმეტესად ვკარგავდით. როდესაც ეს ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ხდება, მათ კონტრშეტევის შანსს აძლევს და დღეს ტოპგუნდი დაგვსჯიდა. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ უკეთესად თამაში შეგვიძლია. ახლა კმაყოფილი ვარ, რადგან მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ მანამდე წინ კიდევ ერთი თამაშია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ „სპორტინგს“ საპასუხო შეხვედრაში 9 მარტს უმასპინძლებს.