ფეხბურთი

2:23 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს გმირობა, უფერული "რეალი" და ბრწყინვალე "მანჩესტერ სიტი"

უეფას ჩემპიონთა ლიგა ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ მერვედფინალური ეტაპით განახლდა და ორი მატჩი გაიმართა.

მთავარი ცხადია, „პარი სენ ჟერმენისა“ და „რეალის“ დაპირისპირება იყო. ტურნირის ორი ფავორიტის ჯახმა მოლოდინი ვერ გაამართლა, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდმა უბრალოდ საშინელი ფეხბურთი ითამაშა. ზოგადად, ბოლო პერიოდში ესპანურ გრანდს გოლის გატანა უჭირს, ამ მატჩამდე უკანასკნელ სამ მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი და გასაკვირი არ არის, რომ „პარკ დე პრენსიც“ უგოლოდ დატოვა. ან, გოლს როგორ გაიტანდა, როცა ამისთვის „რეალს“ არაფერი გაუკეთებია და კარშიც არ დაურტყამს. 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მადრიდულმა გრანდმა პირველი ტაიმი კარში დარტყმის გარეშე ჩაატარა, თუმცა, ამჯერად ვერც მეორე ტაიმში მოახერხა ჯანლუიჯი დონარუმას შეწუხება.

პსჟ? პირველ ტაიმში ვერც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ბრწყინავდა, მაგრამ მონდომება უფრო მეტად ეტყობოდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში პსჟ ძალიან გააქტიურდა და რომ არა ტიბო კურტუა, გაცილებით ხელსაყრელი ანგარიშით მოიგებდა. ყველაზე რეალური შანსი 61-ე წუთზე ლიონელ მესის მიეცა, მაგრამ მან პენალტი ვერ გაიტანა და ესპანელები ტიბო კურტუამ იხსნა. საერთოდ, არგენტინელს არცთუ ისე კარგი თამაში ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით კილიან მბაპეზე, რომელიც ცალსახად საუკეთესო იყო მოედანზე და ეჭვგარეშეა, რომ ფლორენტინო პერესს ახლა მისი ყიდვა უფრო მეტად მოუნდებოდა, ისევე როგორც, პსჟ-ს შენარჩუნება. სწორედ მბაპემ მოიპოვა პენალტი, რომელიც მესიმ გოლად ვერ აქცია.

კილიანი აქტიურობას აგრძელებდა, მერე საქმეში ნეიმარიც ჩაერთო და სწორედ მათ მოაგებინეს პარიზულ გუნდს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ნეიმარმა მარცხენა ფლანგზე მბაპე მოძებნა, რომელიც საჯარიმოში დიდებულად შეიჭრა და კურტუას შანსი არ დაუტოვა - 1:0. შედეგად, „პარი სენ ჟერმენმა“ უპირატესობა მოიპოვა და 9 მარტს გასამართ საპასუხო შეხვედრაში ფრეც ხელს მისცემს.

პარალელურად, „მანჩესტერ სიტი“ ლისაბონის „სპორტინგს“ ესტუმრა და 5:0 გააცამტვერა. მოსაყოლი ბევრი არაფერია, უბრალოდ, ძალიან დიდი სხვაობა იყო ორ გუნდს შორის, ძალიან! „სიტიმ“ პირველივე ტაიმში 4 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში სტუმრად პირველ ნახევარში 3 გოლზე მეტი გაიტანა. რა თქმა უნდა, ინგლისური გუნდი უკვე მეოთხედფინალშია და საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

„სპორტინგი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:5 (0:4)

ლისაბონი, „ჟოზე ალვალადე“

„სპორტინგი“ (3-4-2-1): ადანი; ესგაიო, კოატეში, ინასიო; პორო (ნეტო 82), პალინია, მათეუსი, რეისი; სარაბია (ტაბატა 75), გონსალვეში (უგარტე 50); პაულინიო (სლიმანი 75)

მწვრთნელი: რუბენ ამორიმი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელო, დიაში, ლაპორტი (აკე 85), სტოუნსი (ზინჩენკო 61); ბერნარდო სილვა (დელაპი 85), როდრი (ფერნანდინიო 73), დე ბრუინი; მაჰრეზი, ფოდენი (გიუნდოგანი 61), სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 მაჰრეზი (7), 0:2 ბერნარდო სილვა (17), 0:3 ფოდენი (32), 0:4 ბერნარდო სილვა (44), 0:5 სტერლინგი (58)

გაფრთხილება: მათეუსი (65), ესგაიო (78) - გიუნდოგანი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 15 (6) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 0:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

„პარი სენ ჟერმენი“ – „რეალი“ 1:0 (0:0)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, მენდეში; დანილო (გეიე 87), პარედესი, ვერატი; მბაპე, მესი, დი მარია (ნეიმარი 73)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (ვასკესი 72), მილიტაო, ალაბა, მენდი; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 82); ასენსიო (როდრიგო 82), ბენზემა (ბეილი 87), ვინისიუსი (აზარი 82)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 1:0 მბაპე (90)

გაფრთხილება: ვერატი (40), დანილო (62), კიმპემბე (83), პარედესი (90) - კაზემირო (37), მენდი (57), როდრიგო (83)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (61, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 3 (0) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

0.191082